ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და „დროას“ უერთდება.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის პოლიტიკურ სივრცეში. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს. „დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას“, — განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილი 1998-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი, იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, რომელიც 2016 წელს დატოვა. 2012-14 წლებში ალექსი პეტრიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. ამჟამად კი „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.
