თორნიკე რიჟვაძე საქართველოში მალე დაბრუნდება, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.
„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. ქვეყანაში ბრუნდება, ის არც აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს“, – თქვა ახვლედიანმა.
რიჟვაძე 7 ივლისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აღნიშნულ დღეს ის სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის გამო კლინიკაში მოხვდა. მომხდარიდან მეორე დღეს რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, მის ტანსაცმელში ნაპოვნი წერილი თავად რიჟვაძეს ეკუთვნის, სადაც ის შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს.
ამავე საქმეზე ბრალდებულია მისი მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა. გამოძიების მიხედვით, სწორედ მისი იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა ყოფილი მაღალჩინოსანი. ახვლედიანს იარაღის შენახვის წესების დარღვევაში ედება ბრალი.
დღეს გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.




