ალექსი ახვლედიანი – მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე რიჟვაძე – როგორც ვიცი, კამერებში არ ჩანს, როგორ იღებს იარაღს – თორნიკე ჩემთვის არა მარტო მეგობარი იყო, მეოთხე შვილივით მყავდა, რაიმე ზეწოლა რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ბრალდებული ალექსი ახვლედიანის თქმით, გამამართლებელი მოლოდინი აქვს.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა: „არც ერთ ეპიზოდში არ ვთვლი, რომ იარაღი დაუდევრად შევინახე, გამორიცხულია. გამამართლებელი მოლოდინი მაქვს და ამაზე ბოლომდე ვიბრძოლებ”.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თორნიკე რიჟვაძის დაკითხვა, რათა „სრული და ამომწურავი სურათი“ არსებობდეს.
„რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე. ასევე ადამიანებისთვისაც, რათა სრულად ამომწურავი სურათი იყოს“.
კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მას კადრები არ აქვს.
„ვერ გეტყვით. მე არ მაქვს ეს კადრები. რა უნდა ჩანდეს. მე როგორც ვიცი, არ ჩანს როგორ იღებს იარაღს. კამერები სხვანაირად იყო. მე ვერ ვასაჯაროებ“,- უპასუხა ახვლედიანმა.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძესთან ურთიერთობას, ახვლედიანმა განმარტა, რომ კომუნიკაცია აკრძალულია ფსიქოლოგების რეკომენდაციით:
„თორნიკესთან საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია იმიტომ, რომ აკრძალულია. მე კი არ ამიკრძალეს, როგორც ვიცი ფსიქოლოგებმა 2 თვიანი ვადა მოითხოვეს მკურნალობის ციკლის დამთავრებამდე. თორნიკეს მეუღლეს ვესაუბრე, დაახლოებით 10 დღის წინ“, – აღნიშნა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ რიჟვაძე მისი უახლოესი მეგობარი იყო და არ დაუფიქსირებია რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი:
„თორნიკე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. მართლა არა მარტო მეგობარი მე-4 შვილივით მყავდა, მას რომ რამე სხვანაირი ზეწოლა ჰქონოდა, რასაც თქვენ გულისხმობთ, აუცილებლად მეცოდინებოდა. დამერწმუნეთ, მსგავსი საუბარი არ ყოფილა“.
ახვლედიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მამის მხრიდანაც არ ყოფილა ინფორმაცია რაიმე ზეწოლაზე.
„არა. მამის მხრიდან საერთოდ არ ყოფილა“.