“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა… მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ალბათ, ინტერვიუს მიცემას აპირებს… ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა
კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“. კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, – განაცხადა ახვლედიანმა. რაც შეეხება მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს, ახვლედიანმა თქვა: “ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალიან ბევრი ნიუანსის გამო არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს”.
თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა. ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.




