პუტინისტ ნიკოლოზ მჟავანაძესთან საუბარში რუსეთის დუმის დეპუტატმა, ალექსეი ჟურავლიოვმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მიმდინარეობს.
“მათ აშინებთ, მაგალითად, ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზაცია საქართველოსთან. უკვე ღიად რომ ვთქვათ. იმიტომ, რომ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რათა ჩვენი ერები დაეპირისპირებინათ. მაგრამ საბოლოო ჯამში საღი აზრი ზეიმობს და ეს მათთვის, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. მათ ურჩევნიათ, რომ საქართველოსაც მართავდნენ ისეთები, როგორებიც არიან კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ არც ისტორიაზე, არც ქვეყნების ნაციონალურ ინტერესებზე, ვინც ყველაფერს სულელურად უთმობენ კოლექტიურ დასავლეთს. მადლობა ღმერთს, ჩვენი ურთიერთობა ლაგდება და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასე იქნება და ჩვენ დავუბრუნდებით ტრადიციულ ურთიერთობას, როგორიც გვქონდა და ვიმედოვნებ რომ გვექნება მოძმე ერთა შორის.” – თქვა დუმის დეპუტატმა.
ჟურავლიოვის თქმით, რუსეთის მხრიდან შეუძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკუქცევა. მისი თქმით, პრობლემა გადაიჭრება, თუ საზღვრები გაიხსნება და გადაადგილება თავისუფალი იქნება – ” ჩვენ ხომ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და ჩვენთვის სულ ერთი იყო, ვისია ყირიმი, ხომ?” – თქვა ჟურავლიოვმა. ამას გარდა, რუსმა დეპუტატმა “ქართულ ოცნებას” “პროქართული ხელისუფლება” უწოდა.
ინტერვიუს მსვლელობის დროს პუტინისტმა მჟავანაძემ დეპუტატს უთხრა, რომ “მთელი ქართველი ერი მხარს უჭერს რუსეთს ამ მძიმე მომენტში”. ის, წინა რესპონდენტის, აპტი ალაუდინოვის მსგავსად საქართველოში დაპატიჟა.
ჟურავლიოვი რუსეთის დუმის დეპუტატი 2021 წლიდანაა. ის პარტია Родина-ს (სამშობლო) თავმჯდომარეა. ის დეპუტატად ტამბოვის ერთმანდატიან საარჩევნო ოკრუგ N177-ში აირჩიეს. მისმა პარტიამ ხმების 0.8% მიიღო. ჟურავლიოვი შევიდა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიის ფრაქციაში. ჟურავლიოვი რუსეთის სახელმწიფო დუმაში თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს.




