რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, იამალ-ნენთა ოლქში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება, – ინფორმაციას ალექსეი ნავალნის მოკავშირები ავრცელებენ.
ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნის მისი ადვოკატი შეხვდა და “ის კარგად არის”.
კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ იუკოსის თანამფლობელი, პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი, ოლეგ სენცოვი.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. იქამდე კი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა. მას 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში, ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსებასა და მრავალ სხვა დანაშაულში.