საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალეკსანდარ ჯიკიჩს კონტაქტი 2 წლით გაუხანგრძლივდა. უფრო კონკრეტულად, განახლებული ხელშეკრულებით სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში ჯიკიჩს კონტაქტი გაუფორმა, მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ამოსავალი წერტილი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული ასპარეზობა გახლდათ. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და ეს მთლიანობაში ზედიზედ მეექვსედ მოახერხა. წინა ხელშეკრულებით, სერბ სპეციალისტს ევრობასკეტზე გასვლის შემთხვევაში კონტაქტი ევროტურნირის დასრულებამდე ჰქონდა და გადაწყდა, მასთან თანამშრომლობა მომდევნო ციკლზეც გაგრძელებულიყო.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება, კვლავ ალეკსანდარ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს. მსოფლიოს საკვალიფიკაციო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, 2027 წლის აგვისტო-სექტემბერში, ფინალური ეტაპი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენს ნაკრებს სწორედ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ ჯიკიჩის სამწვრთნელო კარიერას, რომელიც მან 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის პარტიზანში მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალექსანდარ ჯიკიჩი ნბა-ში გადავიდა და მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ჯიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.
მინესოტაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს, ჯიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის ოლიმპიას მთავარი მწვრთნელი გახდა. მან სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო – ორჯერ ოლიმპიაში, ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ – ნოვო მესტოს კრკა-ში. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. 2022-2023 წლების სეზონში ჯიკიჩს წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ ტელეკომთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა ლიეტუვოს რიტასს (ლიეტუვა), პარტიზანს (სერბეთი), ბუდუჩნოსტს (მონტენეგრო), ესტუდიანტესს (ესპანეთი) და ჰაპოელს (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ჯიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
GBF
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს
