სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ის მზად არის სამიდან ოთხ თვეში არჩევნები დანიშნოს.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს.
მისი თქმით, ახალი არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს.
სერბეთის პრეზიდენტმა ბრიფინგზე დასავლური მედია და ოპოზიცია პროტესტთან დაკავშირებით “მანიპულაციასა და დეზინფორმაციაში” დაადანაშაულა.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ იცის იმ კრიმინალური ჯგუფების შესახებ, რომლებიც სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ და რომ სამართალდამცავები მათ საქმიანობას იძიებენ.
მანამდე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის “უზარმაზარი ნეგატიური ენერგია და ბრაზი”, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული, ხელისუფლებაში მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს.
“როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება, მთავრობაში მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს მესიჯი, ჩვენ მოგვიწევს საკუთარი თავის შეცვლა”. – თქვა სერბეთის პრეზიდენტმა.
მთავრობის მტკიცებით, 15 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა 88 000-დან 107 000-მდე მერყეობდა. თუმცა, არაოფიციალურმა ორგანიზაციამ, სახალხო შეკრებების არქივმა, რომელიც სერბეთში საპროტესტო აქციების ზომას აფასებს, მონაწილეთა რაოდენობა 275 000-დან 325 000-მდე განსაზღვრა.
სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.