უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის დრონებმა ფრონტის ხაზზე ე.წ. სიკვდილის ზონა (kill zone) გააფართოვა და ის ახლა 10 კილომეტრს აღწევს.
„ომის ამჟამინდელ ეტაპზე, ბრძოლის ველის რეალობას თავდასხმის დრონები განსაზღვრავს და „ქილ-ზონა“ („სიკვდილის ზონა“) ამჟამად 10 კილომეტრს აღწევს. ამ პირობებში, ჩვენი ლოჯისტიკისა და სამხედრო მედიცინის შესაძლებლობები გადამწყვეტია დაჭრილების სწრაფი ევაკუაციისთვის. ომი უკრაინელი ქვეითი ჯარისკაცის საჭიროებების პრიზმიდან უნდა განვიხილოთ და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო მხარდაჭერის შესახებ ყოველთვიური სამუშაო შეხვედრა გამართა და ტერიტორიული თავდაცვის 106-ე ცალკეული ბრიგადის სამედიცინო სამსახურის მიერ ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ ანგარიში მოისმინა.
