ალექსანდრე წულაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა გამარჯვებულ მონაწილეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ, დიპლომებთან ერთად, სპეციალური პრიზები გადასცა.
„აქ ძალიან ბევრი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდა შეიკრიბეთ – ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა და გისურვებთ, რომ სულ ასეთი წარმატებით და მიღწევებით გაგეგრძელებინოთ ცოდნის გაღრმავება და ცხოვრების გზაზე სვლა.
როგორც იცით, ჩვენმა ნაკრებმა ქვეყნის სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებზე უკვე იასპარეზა. მჯერა, ჩვენი მოსწავლეები საქართველოს კიდევ ბევრჯერ ასახელებენ და არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მადლობა თითოეულს ამ წარმატებისთვის! დარწმუნებული ვარ თქვენს შესაძლებლობებში და იმედი მაქვს, თქვენი ცოდნითა და შემართებით საქართველოს უკეთესი მომავლის შენების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
განათლების სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში 50-მდე მოსწავლე დაჯილდოვდა. პირველ ათეულში მოხვედრილ მოსწავლეებს სასაჩუქრე ვაუჩერებიც გადაეცათ.
„2023-2024 სასწავლო წელს ოლიმპიადაში 26 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან, მეორე ტურში 7000-ზე მეტი მონაწილე, მესამე ტურში კი 600 მოსწავლე გადავიდა.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს ატარებს. პირველი ტური ელექტრონულად ტარდება და სურვილისამებრ მასში ყველა სკოლა ერთვება. ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ – რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს