“ალექსანდრე სარიშვილი რეჟიმის დავალებების უპირობო შემსრულებელია – ჯამბულათ ხოფერიას სამძიმრის წერილი, ერთი ზარით სამარცხვინოდ ააღებინეს გვერდიდან” – ენმ–ის ლანჩხუთის ორგანიზაცია
“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ქართული ოცნების მიერ, 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებსა და ლანჩხუთში, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატზე, ალექსანდრე სარიშვილზე, საუბრობს:
ვინაიდან ახლოვდება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაცია,ენმ-ის ადგილობრივმა ორგანიზაციამ სავალდებულოდ ჩავთვალეთ გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია ამ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენო ერთგულო ამომრჩევლებო!
პირველ რიგში გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი საარჩევნო ნომრის 5-ის (რომელიც 2003 წლიდან დღემდე ჩვენი იდენტობის გამოხატულება იყო) ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას, რომელიც მთავარმა გამყალბებელმა, გიორგი კალანდარიშვილმა, რუსული მთავრობის დავალებით მიანიჭა რომელიღაც სატელიტ პარტიას, ჩვენი ტრადიციული ამომრჩევლის დასაბნევად.
გპირდებით, როგორც კი ქვეყანა დაბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოში, არალეგიტიმურად გამოცხადდება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები, და ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, ეს ნომერიც ავტომატურად დაუბრუნდება პარტიას,რომელსაც იგი 22 წელია ღირსეულად ატარებს.
სამწუხაროა, რომ 2024 ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა, რომლებიც კოალიციურ მთავრობაში მოიაზრებოდნენ(“ლელო””გახარია”) ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად არ უერთგულეს საკუთარ ამომრჩეველს და ამ არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობის მიღებით ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ რუსულ მთავრობას ე.წ. არჩევნების “გაპრავებაში”!
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” რომელიც სათავეში მოვიდა პროდასავლური ნიღბით, ნელ-ნელა გამოაჩინა თავისი რეალური სახე და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ(რომელიც ტოტალურად გააყალბეს),ჩამოყალიბდა “რუსულ ოცნებად”. მას შემდეგ ყველა არჩევნები მიტაცებულია, სწორედ ამიტომ ენმ დადგა საკუთარი პრინციპების და ამომრჩევლის მხარეს, რათა არც საკუთარი თავი და არც თქვენ არ მოგატყუოთ ჩვენო მრავალ წნეხ გამოვლილო ერთგულო და უღალატო ამომრჩევლებო, ამიტომაც არ ვღებულობთ მონაწილეობას ამ მორიგ “აფიორაში”!
რაც შეეხება “რუსული ოცნების” მესამე ვადით დასახელებულ მერობის კანდიდატს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს (მოქმედ მერს),ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა ბუნებრივად გასცლოდა ამ მოღალატე რეჟიმს და დარჩენილიყო ამ ქვეყნის თავისუფალ და პროდასავლურად მოაზროვნე მოქალაქედ, თუმცა მან მაინც არჩია ამ რეჟიმის ნაწილად დარჩენილიყო. ის “ხელისუფლების” რუსულ კურსში მაშინ უნდა დარწმუნებულიყო, როცა უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სამძიმრის წერილი, კანცელარიის ერთი ზარით სამარცხვინოდ ააღებინეს მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდიდან. ჩვენი ქვეყნის ბევრი თაობის ნაოცნებარ ევროპულ კურსს რომ მკვეთრად გაემიჯნა მისი პარტია, ამასაც თუ ვერ იაზრებს და მაინც უნდა იყოს მათი დავალებების უპირობო შემსრულებელი( სწორედ ამიტომ დაასახელეს), ეს უკვე მისი არჩევანია და შეგვიძლია მხოლოდ თანავუგრძნოთ! ახლა რაც შეეხება მისი მერობის რვაწლიან ისტორიას, არ გვახსენდება მისგან დამოუკიდებლად მიღებული არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არადა პირდაპირი წესით არჩეული მერის ვალდებულებაა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ადგილობრივ საკრებულოსთან შეთანხმებით. თუნდაც მერიის რამდენიმე სამსახურში დღემდე უფროსების ვაკანსიებია, ვერ შეათანხმა “ზემოთ” და იმიტომ. ამათგან ერთ-ერთი ინფრასტრუქტურის სამსახურია, რაც სრულიად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რადგან გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ იქ იყრის თავს კორუფციული სქემები. ასევეა მუნიციპალიტეტში დაწყებული და ბოლომდე არ მიყვანილი უამრავი ინფრასტრუქტურული ობიექტი, ან უხარისხოდ შესრულებული, რომლებმაც ექსპლოატაციის ვადებს ვერ გაუძლო. ბატონმა ალექსანდრე სარიშვილმა აიგდო მოსახლეობა, როცა თავი კანონზე მაღლა დააყენა და ათობით, მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე არ გვიპასუხა, რითაც ეჭვებს აჩენს არაკეთილსინდისიერი ქმედებების დამალვის მცდელობისას. თუ ასე არაა, კეთილი ინებოს და საჯაროდ უპასუხოს თითოეულ კითხვას, რომლებიც მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად დავუსვით ჩვენ!
ძვირფასო ლანჩხუთელებო
თუ გვინდა ეს მახინჯი რეჟიმი დასრულდეს მთელ ქვეყანაში, 4 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ერთად, არა საარჩევნო უბნებთან, არამედ იქ, სადაც მთელი საქართველო იქნება შეკრებილი ერთადერთი მიზნით,რათა მშვიდობიანად შევცვალოთ არსებული რუსული რეჟიმი, მოვიპოვოთ თავისუფალი, ახალი არჩევნები და დავაბრუნოთ ჩვენი სამშობლო ერთადერთ სწორ გზაზე, ესაა ევროპული გზა!
ძალა ერთობაშია!
