ალექსანდრე რაქვიაშვილი: თურმე მაღაზიების რაოდენობაა პრობლემა… ეს კომუნისტური ლოგიკა რომ მცდარია – მარტივად ახსნადია

პარტია გირჩის ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:
თურმე მაღაზიების რაოდენობაა პრობლემა… ქსელები მაღაზიებს ხსნიან, ხარჯები ეზრდებათ და ამიტომ ფასებს ზრდიან. ეს კომუნისტური ლოგიკა რომ მცდარია – მარტივად ახსნადია: პრემიერის ლოგიკით, ტაქსისტი გზაში ფასს დაგიკლებთ, თუ გაიგებს, რომ ბენზინი გაიაფდა. ოღონდ, ეს ხომ სასაცილოა. ტაქსისტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფული გამოართვას კლიენტს. იგივენაირად, ნუთუ გგონიათ, პური გაიაფდება, თუ ნიკორას ხარჯები შეუმცირდება?
ზოგადად, ფასი რომ ხარჯებზეა მიბმული, არის კომუნისტების მიდგომა და იმ ხალხის, ვინც კომუნისტების დროს ისწავლა “ეკონომიკა”, ან ვინც უბრალოდ ეკონომიკა არ იცის.
ნებისმიერი ბიზნესმენი ეცდება ის ფასი დააწესოს, რომელიც მას მაქსიმალურ მოგებას მოუტანს. ეს არის სწორი და ასეც უნდა იყოს. თუ ხარჯები მცირდება, არავინ შეამცირებს ფასებს, თუკი კონკურენცია არ აიძულებს. ხოლო, თუ კონკურენცია გაიძულებს, ფასები მაშინაც კი შემცირდება, როცა ხარჯები არ მცირდება.
გარდა ამისა, თუ ეროვნული ბანკი ფულს ბეჭდავს – და ის მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად – ლარი მაინც გაუფასურდება და ფასები მაინც გაიზრდება, გინდ ათი “მარკეტი” იყოს, გინდ ერთი.
თუმცა ის, რომ მთავრობაში იდეოლოგიურად თუ განათლებით კომუნისტები არიან, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ის, რომ პურის ფასი იზრდება.