ალექსანდრე რაქვიაშვილი: …და პრემიერის „ფასნამატზე“ ასეთი ჩაციკლულობა — საუკეთესო სიმპტომია იმისა, რომ მის მრჩეველს ან არაფერი ესმის ეკონომიკაში, ან იმ დროს აქვს ეკონომიკა ნასწავლი, როცა უნივერსიტეტში მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმს ასწავლიდნენ

პარტია გირჩის ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:
ზოგს მიაჩნია, რომ ბიზნესმენი გასაყიდ პროდუქტზე ფასის დადგენისას ჯერ ხარჯებს თვლის და ზემოდან „მოგებას“ ამატებს, ამიტომ თუ ხარჯები იზრდება, ავტომატურად ფასებიც უნდა იზრდებოდესო. ცხადია, ვინმე სადმე შეიძლება ასეც იქცეოდეს, მაგრამ ნორმალური ბიზნესმენი სხვანაირად ადგენს ფასს. ის ცალკეულ პროდუქტზე რაიმე „მარჟის“ დაწესების ნაცვლად ცდილობს მაქსიმალური მოგება მიიღოს. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს ცოტა პროდუქციის გაყიდვას მაღალ ფასად, ზოგ შემთხვევაში კი ბევრის – შედარებით დაბალ ფასად.
თუმცა, რა ტაქტიკასაც არ უნდა მიმართოს ბიზნესმენმა, მისი მიზანია გამოიცნოს ის მაქსიმალური ფასი, რა ფასადაც მომხმარებელი მზად იქნება ამ ბიზნესმენისგან მისთვის სასურველი რაოდენობის პროდუქცია იყიდოს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გამყიდველის სურვილია გაყიდოს 10 კილოგრამი ვაშლი, მას შეუძლია უფრო მაღალი ფასი დააწესოს, ვიდრე 100 კილოგრამის გაყიდვის სურვილის შემთხვევაში დააწესებდა, მაგრამ ორივე ჯერზე მან ის მაქსიმალური ფასი უნდა დააწესოს, რომლის გადახდის მზაობა აქვს მომხმარებელს 10 ან 100 კილოგრამის ყიდვისას.
უფრო უკეთესი მაგალითი იმისა, რომ ფასები დანახარჯებთან კავშირში არაა, აეროპორტი გახლავთ. ყველამ ვიცით, რომ ერთი და იგივე პროდუქტი აეროპორტში ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ქალაქის ნებისმიერ სხვა ადგილას. ცხადია, ეს იმიტომ არ ხდება, რომ აეროპორტში ბიზნესს რამდენჯერმე უფრო მეტი ხარჯი აქვს, არამედ იმიტომ, რომ აეროპორტში მისულ ადამიანს უფრო მეტი აქვს მზაობა მაღალი ფასი გადაიხადოს წყალში თუ ბურგერში, რადგან ძალიანაც რომ უნდოდეს, ის აეროპორტს ვერ დატოვებს და მეზობელ რესტორანში ვერ ივახშმებს.
კი, ხარჯებს ზოგადად, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ბიზნესმენი ხვდება, მოგებაშია ის თუ ზარალში, მაგრამ ფასი ხარჯებზე პირდაპირ მიბმული არასდროსაა. ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როცა ფასი ხარჯზე ნაკლებია — როცა, მაგალითად, პროდუქტი მომხმარებელს არ მოსწონს და ბიზნესმენი ცდილობს დაგროვილი მარაგები რაიმე ფასად მაინც გაყიდოს.
ასევე, ხარჯების დონეს მნიშვნელობა აქვს კონკურენციისას. თუ, მაგალითად, მთავრობა ამცირებს გადასახადებს და ბაზარზე კონკურენციაა, ფასი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა უშუალოდ გადასახადის შემცირების გამო, არამედ კონკურენციის შედეგად. მაგალითად, თუ წამლების ბაზარზე კონკურენცია მთავრობის მხრიდან შეზღუდულია და ბაზარზე ახალი კონკურენტები არ შემოდიან, დღგ-ის შემცირებამ შეიძლება წამლების ფასი არ დაწიოს (იგივე, სავარაუდოდ მოხდება, წყლის მომარაგებაში და მსგავს სფეროებში). მაგრამ თუ პირიქით, კონკურენცია მაღალია, რომელიღაც ერთი ბიზნესმენი გაყიდვების ზრდის მიზნით ფასს დაწევს და შედეგად გადასახადების შემცირებას ცალკეული პროდუქტების ფასის შემცირება მოყვება.
ისიც ცხადია, რომ, თუ, მაგალითად, გადასახადები ძალიან მაღალია, პროდუქტის მიწოდება მხოლოდ მაშინ იქნება მომგებიანი, როცა ფასიც ძალიან მაღალია. ამიტომ გადასახადების შემცირება ამ კუთხით ხელს შეუწყობს პროდუქტის მიწოდების ზრდას და ფასის შემცირებას. იგივენაირად, რომელიღაც ხარჯის შემცირებამ, მაგალითად, ელექტროენერგიის, შეიძლება გაზარდოს მიწოდება და შედეგად ფასები შემცირდეს. თუმცა ისევ, ფასწარმოქმნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენს იხდის მომხმარებელი გაზრდილი რაოდენობის შესასყიდად და არა იმაზე, თუ რამდენია „ფასნამატი“.
ასე რომ, ბიზნესმენის ხარჯები მხოლოდ ბიზნესმენს თუ აღელვებს, მაგრამ ფასს ხარჯები კი არა, არამედ ისეთი ფაქტორები განაპირობებს, როგორიცაა მომხმარებლის თუ სხვა ბიზნესმენების ქცევა. ამიტომ, რა სიტუაციასაც არ უნდა განიხილავდეთ, ტერმინი „ფასნამატი“ არასდროს დაგჭირდებათ და ჩვენ პოლიტიკაში ამ ტერმინის გამოყენება მარქსიზმის აჩრდილია, რადგან ზუსტად მარქსისტები ამტკიცებდნენ, რომ პროდუქტის ფასი გაწეულ ხარჯებზეა მიჯაჭვული. სუფთა ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებს თუ არ შევეხებით, არ არსებოს გარემო, სადაც ამ ტერმინის გამოყენებას რაიმე სარგებელი გააჩნდეს, და პრემიერის „ფასნამატზე“ ასეთი ჩაციკლულობა — საუკეთესო სიმპტომია იმისა, რომ მის მრჩეველს ან არაფერი ესმის ეკონომიკაში, ან იმ დროს აქვს ეკონომიკა ნასწავლი, როცა უნივერსიტეტში მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმს ასწავლიდნენ.