ალექსანდრე მეგუთნიშვილი – 18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 კაცი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ – ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელში, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი

პარლამენტის დროებით გამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ბიზნესმენმა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა უპასუხა.
მან გლდანის ციხეში 2010 წელს გატარებული პერიოდი და მისი უფლებების შელახვის ფაქტები გაიხსენა. მეგუთნიშვილის განცხადებით, 16 დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა და პატიმრების სიმრავლის გამო კედელზე მიყრდობილი თუ ჩაიძინებდა.
„მე და ჩემი ბიძაშვილი ლექსო მეგუთნიშვილი გლდანის ციხეში რომ გადმოგვიყვანეს, სამი პოლიციელი ჩამომყვა და ვისაც ჩვენი დოკუმენტაცია ჩააბარეს, თელავის პოლიციელებმა უთხრეს, რომ მაგ განჩინებაში რაც წერია, ეგრე არ არის, გაითვალისწინეთო.
შემიყვანეს პირველ კამერაში – კარანტინში, ჩემი ბიძაშვილი – მესამეში. კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი ჩაცუცქული იჯდა. ეტყობა კარის ღრიჭოსთან ჰაერს სუნთქავდა. კარი რომ გაიღო, წამოდგა და მითხრა, 35-ე ხარო, რაც იმას ნიშნავდა, რომ 18 კვ. მ. კამერაში 35 კაცი იყო. 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, – განაცხადა მეგუთნიშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
როგორც მეგუთნიშვილმა აღნიშნა, გლდანის ციხე ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთზე უარესი იყო.
„ზოგან 40 კაცი იყო, ზოგან – იმაზე მეტი. კარანტინში სულ 7 კამერაა, მაგრამ მხოლოდ სამი იყო დატვირთული, რომ სპეციალურად ასეთ სიტუაციებში ვყოფილიყავით. თვითონ იმათი ნათქვამია, რომ დანარჩენი ოთხი თავისუფალი იყო.
16 დღის მერე, ხელს რომ ვერ დაიბან, პირს რომ ვერ დაიბან, შეიძლებოდა პურის ყუა მოგეტეხა, რაღაცები შემოდიოდა, მაგრამ არავინ არაფერს ჭამდა, ისეთი ანტისანიტარია იყო. რომელ კბილის ჯაგრისზე, რომელ დაბანაზეა ლაპარაკი?! – ეს ხომ გამორიცხულია.
მარიამობას, 28 აგვისტოს ციხეში შევხვდი. შემოვიდა გამომძიებელი, ვინმე ბერძენაშვილი, ერთი ადვოკატი იყო და რაღაცაზე ხელი მომაწერინეს. იქ შემთხვევით ჩემი ნაცნობი შემხვდა, უკვე 6 თვე იჯდა და რომ მნახა გაუკვირდა, ვუთხარი: – შენ თუ რამე შეგიძლია, იქნებ მაღლა კარანტინზე “ამომწიონ”, უკვე გაუსაძლისია, ფეხები მეკეცება-თქო.
მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, მცემდნენ და მერე შემოვყავდი უკან. ასე იყო ცნობილი, რომ მეგუთნიშვილი დაბლა უნდა ყოფილიყო. [16 დღე-ღამე] არ მეძინა, შეიძლება ერთადერთი კედელზე ხელი მიმედო და ისე მივყუდებულიყავი, იქ ვერ დაიძინებდი, შუქი სულ ენთო ან სად უნდა დაგვეძინა, საწოლებზე მორიგეობით წვებოდნენ. საწოლი რკინის დაწნულ ბადეს ერქვა. იმ დროის განმავლობაში 32 კილო დავიკელი.
16-17 დღის გასვლის შემდეგ კამერაში ამიყვანეს. E კორპუსი იყო, კამერა N 72. იქ ხუთი პატიმარი დამხვდა, მომეხმარნენ ბიჭები, გამომაცვლევინეს, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი. დილა გათენდა, ჯერ იმ ბიჭებთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, კარი გაიღო და ოთხი შავ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი კაცი შემოვიდა: – მეგუთნიშვილი რომელიაო. რატომღაც ჩავთვალე, ალბათ მიშვებენ-მეთქი და მე ვარ-თქო. შენ გვერდზე კამერაზე რა გადაძახილი გქონდაო, ჩამიყვანეს “ფუქსებში” და დაიწყო იქ ჩემი წამება. შემდეგ კუდ-ში რომ მოვხვდი, ციხიდან როცა გამოვედი, იმ ფაშისტებში რომ მოხვდი, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერსო. ორ კვირაზე მეტი ისევ კარანტინში ვიყავი, “ფუქსებში” ვიყავი სამი დღე, სადაც დაბმულიც ვიყავი – დაბლა სულ ბეტონია და პატივი იყო თუ იქ “ფლოსტებზე” დაგსვამდნენ, ხელებს უკან გაგაშვერინებდნენ და ბორკილებით გაბამდნენ. “შლემიც” მეფარა, რომ თვითდაზიანება აღარ მიმეყენებინა, ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურად.
ერთხელ ისე მცემეს, გონი დავკარგე, როგორც მერე მითხრეს, ექიმი შემოვიდა და შარვლის ტოტები ამიწია და კუნთებზე ნემსები მიკეთა, არ ვიცი, რას ამოწმებდა, ალბათ, მკვდარი ვიყავი თუ ვსიმულიანტობიდი. მთელი ფეხები გაშავებული მქონდა.” – განაცხადა მეგუთნიშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, მისი ძმა „კუდ”-ს შენობაში მიიყვანეს, სადაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ და მისმა უფროსმა ზურაბ ლალიაშვილმა განუცხადეს, რომ “ტოიოტას ცენტრში” 8 „პრადო“ უნდა ეყიდა და ეზოში დაეყენებინა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე მეგუთნიშვილი ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა.
„კარცერში, „ფუქსებში” და კარანტინში გავატარე სადღაც თვეზე მეტი. ამ პერიოდში ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში. [დავით] ლორთქიფანიძემ გამოგზავნა ორი ადამიანი ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს შეიყვანეს [ზურაბ] ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორთქიფანიძე- ლალიაშვილი არიან, ლალიაშვილს პოზა აქვს – ფეხები ულაგია მაგიდაზე, ჩემთანაც აქვს გაკეთებული, გვერდით იარაღი უდევს, ვერცხლისფერი „ბერეტა”, რომელსაც შლის, აწყობს. ჩემს ძმას უთხრეს, რომ ჩვენ ახლა აზრი არ აქვს რამეზე დავილაპარაკოთო. თბილისი ხომ იცი დიღომიო, კიო ამან უთხრა, როგორ არ ვიციო. ახლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის ტოიოტას ცენტრიო, 8 „პრადოს“ იყიდი შავებსო, მათი ტერმინოლოგიით „ნავაროტკიანი“ უნდა ყოფილიყო რვავე, აი, აქ, ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო. ნახევარ მილიონ დოლარზე იყო საუბარი 8 მანქანა რომ გვეყიდა. შეიძლება ამდენი ფული არ გქონდეთ, მაგრამ მიწა გექნებათ გაყიდეთო, დაგეხმარონ მეგობრები, მეზობლები, ძმაკაცებიო. უთხრა, ახლა შენ ადექი წადი ფული გაქვს საშოვნელიო და თუ შენ გგონია, რომ აქედან გახვალ და ან პროკურატურაში წახვალ ან პოლიციაშიო, ეგ ჩვენ დავიჭირეთ ჩვენი პატიმარია და ჩვენ გვაქვს მისი განკარგვის უფლებაო. ჩემმა ძმამ უთხრა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ 8 „პრადოს“ ყიდვას. ზუსტად ერთ კვირაში ლორთქიფანიძე თვითონ ჩავიდა წინანდალში, ჩასვა ჩემი ძმა მანქანაში და უთხრა, რა ქენი ფული იშოვეო, ამან უთხრა ვერ ვიშოვე და ვერც ვიო. კაი, კაი გადადი მანქანიდან და ჩვენ მივხედავთო, მე არაფერი ვიცოდი, არც ადვოკატი შემოდიოდა“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.
კომისიაზე მან ასევე ისაუბრა ვანო მერაბიშვილის მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარებზე.
მეგუთნიშვილის თქმით, მერაბიშვილი, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მას ორჯერ დაუკავშირდა და უთხრა, რომ USAID-ს პროექტის მიხედვით ნაკვეთების აზომვაში აღებული თანხის 20 პროცენტი, ნაღდი ფულის სახით, უკან უნდა დაბრუნებულიყო.
„ვანო მერაბიშვილი, ერთი პერიოდი იყო მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მე ვიყავი კახეთის მხარის მართვის სამმართველოს უფროსი. USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, შევარდნაძის ხელმოწერილი საკუთრების მოწმობები რომ რიგდებოდა, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი. ჩამოვიდა ჯგუფი, რომელიც არაფრის გაგებაში არ იყო, ამ ნაკვეთებს ჩეხდნენ, ჭრიდნენ, იმიტომ, რომ რაც მეტი დოლარი იქნებოდა, მით უკეთესი და ფულს ხელზე ატანდნენ. იქიდან ჩემთან, პირადად ორჯერ აქვს ვანო მერაბიშვილს დარეკილი, რომ შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო. პირადად აქვს ჩემთან დარეკილი, როგორც მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეს. USAID-ი აფინანსებდა, ეგენი მართავდნენ. ერთი ნაკვეთის აზომვა ღირდა მაშინ 1 დოლარი, დღეში 100 ნაკვეთი რომ გაკეთებულიყო, 100 დოლარი იყო, 500 ნაკვეთი – 500 დოლარი. ამაზე ხალხი მუშაობდა, ვისაც ხელფასი უნდა აეღო და მერე ხელფასზე აკლდებოდა გაწეული სამუშაოს 20% და ის 20 პროცენტი უკან მიჰქონდა მას, ვინც ამ სამუშაოს შემსრულებელი იყო”, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში – ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით

სალომე ზურაბიშვილი – ანტონიო კოშტასთან საუბარი მქონდა საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსეთის ჰიბრიდულ სტრატეგიაზე, რომელიც “ქართული ოცნების” მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად