ალექსანდრე ლუკაშენკო, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი და ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ.
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებულ განხორციელებას და ახალ მიღწევებს თქვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია ლუკაშენკოს მისალოც წერილში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გააძლიერებენ და გააფართოებენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ატმოსფეროში, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია ასეთ ძლიერ საფუძვლებზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, ახლა სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაძლიერებთ და გავაფართოებთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნების და ხალხების კეთილდღეობას, ჩვენი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას“, – აღნიშნულია ალიევის მისალოც წერილში.
მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.
„თბილად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან როლში“, – წერს ფაშინიანი.
მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩიც ულოცავს.
„გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, გულწრფელი სურვილით, რომ წარმატებულად და წინდახედულად შეასრულოთ თქვენს წინაშე დაკისრებული საპატიო და პასუხისმგებელი მოვალეობები. დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებთ თქვენს მიმართ გამოვლენილ ნდობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ კეთილდღეობისადმი დაუღალავი ერთგულებით. იმ დროს, როდესაც მსოფლიო მრავალი რთული გამოწვევის წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყნის ლიდერი მოწოდებული იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობაზე“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
ალექსანდრ ვუჩუჩი გიორგი ყაველაშვილს სერბეთში იწვევს.
„იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი ახალ შესაძლებლობებს მოუტანს სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. ამიტომ გეპატიჟებით ეწვიოთ მეგობარ სერბეთს, რაც დამატებით იმპულსს შექმნის ჩვენი საერთო ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია პრეზიდენტ ვუჩიჩის მილოცვაში.