ალექსანდრე ლუკაშენკო – ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებს თუ არა ჩვენს არჩევნებს ევროკავშირი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო ს შედეგს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. დამიჯერეთ, ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო.
„ეს არის მთავარი და მერე თქვენი საქმეა. თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
22 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ფიქტიურ არჩევნებად შეაფასოს და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ლუკაშენკოს არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის რეჟიმი აგრძელებს დისიდენტების წინააღმდეგ სისტემატურ რეპრესიებს, მათ უკანონო დაპატიმრებას, წამებას, დევნასა და სასტიკ მოპყრობას.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც, ლუკაშენკოს გარდა, ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. ლუკაშენკო, გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობას მეშვიდე ვადით დაიკავებს.