ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

ბრატისლავაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრას სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსნადრე იაშვილი დაესწრო. მან nakrebi.ge-სთან კომენტარი გააკეთა:
“თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც არიან ტოპ ქვეყნები, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება.
ახლა მთავარია კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიართო და ფეხბურთელები ჯანმრთელად შეხვდნენ ტურნირს. დანარჩენი გამოჩნდება მოედანზე.
ძალიან საამაყოა, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველო თამაშობს
ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი მიღწევა მგონია, მაგრამ მთავარი უკვე ტურნირზე გასვლა აღარ არის, განვლილი ორი ტურნირიდან გამომდინარე გვაქვს იმის ამბიციაც, რომ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ”.