არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქართულ საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ თავისებურებებზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოპონენტად მიიჩნევს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ქცევაზე, ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიტანა ოპოზიციურ ფლანგზე გვარამია-მელიას პარტია „ახალმა“, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლება, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი. არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქართულ საზოგადოებაში არსებულ როგორ განწყობებზე და რა პოლიტიკურ თავისებურებებზე შეიძლება საუბარი?
– საუბარი საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობაზე შეიძლება. მეჩვენება, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ და მთლიანად გაწყვეტილი აქვთ საზოგადოებასთან საუბრის, მისი პრობლემების გაზიარების უნარი.
ვითომც, აქვთ მიღებული სამუდამო პოლიტიკოსობის მანდატი და თავის თავს ერის წინამძღოლებად განიხილავენ. როგორც ცნობილ ლექსშია: „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,/რომ წარვუძღვე წინა ერსა“.
საუბარი საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობაზე შეიძლება. მეჩვენება, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ და მთლიანად გაწყვეტილი აქვთ საზოგადოებასთან საუბრის, მისი პრობლემების გაზიარების უნარი
მაგრამ, ჩვენი პოლიტიკოსები ილია ჭავჭავაძეები არ არიან და ასეთი განწყობებისთვის ინტელექტუალური პოტენციალი აშკარად აკლიათ. სხვათა შორის, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სცოდავენ.
ოპოზიციურ ფლანგზე კი ერთადერთი ლოზუნგი ისმის – უნდა შევცვალოთ მთავრობაო. ხოლო შემდეგ რას გააკეთებენ – სრული დუმილია. საზოგადოებაში კი ორაზროვნება და გაურკვევლობა სუფევს.
ერთი მხრივ, მოქალაქეებს ქართული „საოცნებო“ ადმინისტრაცია, რომელიც, აგერ, 12 წელი ხელისუფლებაშია, აშკარად მოჰბეზრდათ, მაგრამ მეორე მხრივ, არც ავადსახსენებელი „ნაციონალური“ თარეშის დაბრუნება სურთ. ალტერნატივა კი არ ჩანს. ვერც გიორგი გახარია, ყოველ შემთხვევაში – ჯერ ჯერობით, ვერ სთავაზობს ჩვენ საზოგადოებას რაღაც ახალ, მიმზიდველ პროექტს და ჩვენ განწირულნი ვართ ისევ და ისევ ამ უკვე აყროლებულ ქვაბში ვიხარშოთ.
მოქალაქეებს ქართული „საოცნებო“ ადმინისტრაცია, რომელიც, აგერ, 12 წელი ხელისუფლებაშია, აშკარად მოჰბეზრდათ, მაგრამ მეორე მხრივ, არც ავადსახსენებელი „ნაციონალური“ თარეშის დაბრუნება სურთ. ალტერნატივა კი არ ჩანს. ვერც გიორგი გახარია, ყოველ შემთხვევაში – ჯერ ჯერობით, ვერ სთავაზობს ჩვენ საზოგადოებას რაღაც ახალ, მიმზიდველ პროექტს და ჩვენ განწირულნი ვართ ისევ და ისევ ამ უკვე აყროლებულ ქვაბში ვიხარშოთ
დააკვირდით ტელევიზორის ეკრანს, რასაც მე, სხვათა შორის, სულ უფრო იშვიათად ვაკეთებ: ისევ ის სახეები, რომლებსაც ათწლეულები ვიცნობთ, ისევ ის ლოზუნგები, რომლებმაც თავი მოგვაბეზრა, ისევ გაუმართლებელი ყოჩობა, ისევ იდეათა სრული დეფიციტი.
თან ადამიანები, რომელთა რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან დაბალია, თავს უფლებას აძლევენ თავისი თავი საზოგადოების, ასე ვთქვათ, მაცნედ გამოაცხადონ, რაც, რასაკვირველია, დიდ გაღიზიანებას იწვევს. ამ თვალსაზრისით არც ახალი ალიანსებისა თუ პარტიების გამოჩეკა შველის საქმეს, ეს პრინციპულად სურათს ვერ ცვლის.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ პრინციპული სიახლეები არ გამოჩნდა, 2024 წლის არჩევნები ყველაზე არაპოპულარული არჩევნები იქნება ჩვენ უახლეს ისტორიაში და ამომრჩეველთა მობილიზება ძალიან გაჭირდება.
– გვერდს ვერ ავუვლით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი მმართველი გუნდის დამოკიდებულებას.
ევროპიდან ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. თავიდან დაგეგმილი იყო ამ შეხვედრის ყველა ტელევიზიების მიერ ტრანსლაცია. პრეზიდენტის სასახლიდან სიგნალი ყველა ტვ-ს მიეწოდა, მაგრამ უცნაური რამ მოხდა.
პირველი კითხვა ტვ.“პირველმა“ დაუსვა და პასუხის დასრულების შემდეგ, ტვ“პირველმა“ პრეზიდენტის სასახლიდან სიგნალის ტრანსლირება შეწყვიტა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა არ გასულა არც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არც ტვ“იმედზე“ და არც სხვა ტელევიზიებში, გარდა ტვ, „პალიტრისა“.
ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები პრეზიდენტზე. განსაკუთრებით მესამე პრეზიდენტის შეწყალება-არშეწყალებაზე.
მმართველი გუნდი აცხადებდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ იმედოვნებდა კიდეც, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი პროდასავლურ ოპოზიციას ჩაუდგებოდა სათავეში, მაგრამ, როცა გაირკვა, რომ იგი ამის გაკეთებას არ აპირებდა, მის მიმართ დამოკიდებულება იგივე დარჩა.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტი პრაქტიკულად არალეგიტიმურად ჰყავს გამოცხადებული?
– ეწყინათ ბიჭებს: აგერ ჩვენ გავაპრეზიდენტეთო და მან ზურგი გვაქცია. ავიწყდებათ კი, რა იყო ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობის ალტერნატივა. ასევე დაავიწყდათ ქალბატონი სალომეს პირველი ინტერვიუც პრეზიდენტის რანგში. მან დაახლოებით შემდეგი რამ თქვა: მე ბატონ ბიძინას ვკითხე თუ მქონდა მისი პოლიტიკური ვალი და მან მიპასუხა, რომ არა. ამიტომ მე თავს თავისუფლად ვთვლი და ჩემ ქმედებებში მხოლოდ ჩემი მრწამსით ვიხელმძღვანელებო. ასეც მოიქცა.
ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის მცდელობა კი „ქართული ოცნების“ ყველაზე წინდაუხედავი, ვიტყოდი, კომიკური დემარში იყო. მაშინვე ვთქვი, რომ იმპიჩმენტი არ გავიდოდა, ხოლო პოლიტიკაში თავიდანვე განწირული ნაბიჯების გადადგმა, მაპატიეთ, სიბეცეა.
საქმეს იმანაც არ უშველა, რომ იმპიჩმენტის ინიციატორებმა გამოაცხადეს, რომ ეს მათი პრინციპული პოზიცია იყო და წარუმატებლობის მიუხედავად მათ თავიანთი რისხვა დააფიქსირეს. ამ პროცესს ხომ მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალ-ყურს და ულვაშებში ეცინებოდა.
ქალბატონმა სალომემ პირველი ინტერვიუში პრეზიდენტის რანგში დაახლოებით შემდეგი რამ თქვა – „მე ბატონ ბიძინას ვკითხე თუ მქონდა მისი პოლიტიკური ვალი და მან მიპასუხა, რომ არა. ამიტომ მე თავს თავისუფლად ვთვლი და ჩემ ქმედებებში მხოლოდ ჩემი მრწამსით ვიხელმძღვანელებო. ასეც მოიქცა
ახლა, მე ვამბობდი, რომ ქალბატონი სალომე იმას აკეთებს, რასაც იტყვის, მან კი თქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა აღმოჩნდეს, იგი თავისი იმიჯისთვის ამ საკრალურ ნაბიჯს არასდროს გადადგამს.
დაბოლოს. იმდენი იძახეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, რომ ქალბატონი სალომე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია, რომ ეს მიამიტური და ინფანტილური სიტყვები თვითონაც დაიჯერეს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი აბსოლუტურად ვერ ერკვევიან ქალბატონი სალომეს პიროვნულობაში.
არ სჯერათ, რომ ქალბატონი სალომე დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანია და ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მისთვის ყველაზე ძირეული დემოკრატიული ფასეულობაა. მაინც ყველანი კომუნისტური წარსულის ნაშიერები ვართ და გორკის სიტყვებისა არ იყოს ჩვენ ყოველ დღე, წვეთ-წვეთ ჩვენი სულებიდან მონის ფსიქოლოგია უნდა განვდევნოთ.
ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის მცდელობა „ქართული ოცნების“ ყველაზე წინდაუხედავი, ვიტყოდი, კომიკური დემარში იყო. მაშინვე ვთქვი, რომ იმპიჩმენტი არ გავიდოდა, ხოლო პოლიტიკაში თავიდანვე განწირული ნაბიჯების გადადგმა, მაპატიეთ, სიბეცეა… ამ პროცესს ხომ მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალ-ყურს და ულვაშებში ეცინებოდა
– არჩევნებამდე 8 თვეა კია დარჩენილი, მაგრამ, ნათლად ჩანს, რომ წინასაარჩევნო კამპანია მმართველ გუნდს კარგა ხანია აქვს დაწყებული.
ფაქტია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საზოგადოებას 2-3 წელია საარჩევნო დღის წესრიგის რეჟიმში აცხოვრებს.
საარჩევნო წელია და სულაც არაა გასაკვირი, რომ ხელისუფლება აცხადებს – არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიგებო. გასაკვირი ის იქნებოდა, ის ამას რომ არ ამბობდეს. რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ამგვარი მტკიცება?
– ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო: „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. ამისი ობიექტური მიზეზიც არსებობს. მთელი ეს წლები ჩემი ძირითადი პროფესიიდან გამომდინარე მე ბევრ დროს საქართველოს რეგიონებში ვატარებ და ვხედავ, როგორ თანდათან შენდება სოფლის გზები, წესრიგდება წყალმომარაგების სისტემები, შემოდის გაზი, რემონტდება სკოლები, მუშაობს სკოლის ავტობუსები, მოგვარებულია ნაგვის გატანა, ამოქმედდა აგროკრედიტები, მუშაობს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“. ხალხს სუნთქვის აღარ ეშინია.
მაინც ყველანი კომუნისტური წარსულის ნაშიერები ვართ და გორკის სიტყვებისა არ იყოს ჩვენ ყოველ დღე, წვეთ-წვეთ ჩვენი სულებიდან მონის ფსიქოლოგია უნდა განვდევნოთ
მთავარი კითხვა კი ასეთია: ეყოფა კი „ქართულ ოცნებას“ მოპოვებული მანდატები უმრავლესობის შესაქმნელად. წინა არჩევნებში პროპორციულ სისტემაში მას ხმები არ ეყო და ეს დანაკლისი მაჟორიტარმა დეპუტატებმა შეავსეს.
მეორე კითხვა კი ასეთია: რამდენად მდგრადი იქნება ოპოზიციური ფრთა და ხომ არ დაიწყება იქ მერკანტილური კინკლაობა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად მთლიანად გადაიჭრა რესურსი კოალიციის შესაქმნელად, რაც არასწორი ნარატივის და წინდაუხედავი ნაბიჯების შედეგია, როცა მან მთლიანად ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად შერაცხა. მაგრამ ოპოზიციური ფრთაც მეტასტაბილურია, მას ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილის გარდა სხვა არანაირი იდეა არ აერთიანებს. ამიტომ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე უმრავლესობა ვერ მოიპოვა, დაიწყება დეპუტატების გადმობირების ამორალური მცდელობები, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.
ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო: „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს
გამოსავალი არც ოპოზიციის მიერ კოალიციური უმრავლესობისა და შესაბამისად მთავრობის ფორმირებაა. ეს უმრავლესობაც არამდგრადი იქნება, რასაც მოჰყვება, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, ჩვენი პარლამენტის „ქნესეტიზაცია“, ანუ მივიღებთ ისრაელის მოდელს გაუთავებელი პოლიტიკური კრიზისებითა და რიგგარეშე არჩევნებით. ეს კი ქართული ჯერ კიდევ სუსტი სახელმწიფოებრიობისთვის ზურგში დანაა.
ამ ჩიხიდან ორი გამოსავალი არსებობს: პირველი, ეს ძლიერი ცენტრისტული პარტიის შექმნაა, მეორე კი პროპორციული საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული სისტემით ჩანაცვლებაა.
რასაკვირველია, ამ არჩევნებში ეს განუხორციელებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ თუ შორეულ მომავალში ორივე პირობა შესრულდება. ამას ქართული საზოგადოება სულ მალე მოითხოვს.
– ცოტა ხნის წინ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციით წლის ბოლომდე შეუსრულებელი დაგვრჩება.
გასულ კვირას ჯერ პრემიერმა, შემდეგ კულტურის მინისტრმა და შემდეგ მმართველი გუნდის სხვა წევრებმა თქვეს უარი მოსამართლეების ე.წ. „ვეტინგზე“, ანუ „კეთილსინდისიერების“ შემოწმებაზე. მიზეზად, მართლმსაჯულების საკითხებში ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა და დაკარგვა დასახელდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხში ხელისუფლების პოზიციას?
– ჩვენი ევროპელი მრჩევლები თავისივე დაგებულ მახეში ამოყვეს თავი. ერთი მხრივ, მათ მოითხოვეს მართლმსაჯულების სისტემის სრული ავტონომია და ამას მიაღწიეს, მეორე მხრივ კი უკმაყოფილონი არიან მიღებული, თავიდანვე ცხადი შედეგით და ეხლა პოლიტიკურ ჩარევას, თუგინდ „ვეტინგი“ დაარქვი მას, მოითხოვენ, რაც ორმაგი სტანდარტია.
გამოსავალი ერთადერთია: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფართო შემოღება ყველა სისხლის სამართლის საქმეში, რაც თავიდანვე გამორიცხავს მართლმსაჯულებაში პოლიტიკურ, კორუფციულ ან ნებისმიერ სხვა წნეხს.
„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად მთლიანად გადაიჭრა რესურსი კოალიციის შესაქმნელად, რაც არასწორი ნარატივის და წინდაუხედავი ნაბიჯების შედეგია, როცა მან მთლიანად ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად შერაცხა… თუ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე უმრავლესობა ვერ მოიპოვა, დაიწყება დეპუტატების გადმობირების ამორალური მცდელობები, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს
– გასულ კვირას ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს და გააპროტესტეს უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ბუნდესტაგში საქართველოს იუსტიციის ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილის ყოფნა.
ის, რომ მრავალ დანაშაულში მხილებული ზურაბ ადეიშვილი არ წამდგარა ქართული მართლმსაჯულების წინაშე ჩვენი ხელისუფლების სუსტ მუშაობაზე უფრო ამბობს, ვიდრე უკრაინის, გერმანიისა და უნგრეთის ხელისუფლებებზე. სხვათა შორის, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზურაბ ადეიშვილი სწორედ „ჩვენი ქვეყნის მეგობარმა“, როგორც გაირკვა, ახლა უკვე ტრამპის მეგობარმა ორბანმა შეიფარა.
სავარაუდოდ, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით ჩვენი უკრაინელი და გერმანელი პარტნიორების წინააღმდეგ ხმაურიანი განცხადებების კეთება?
– ჩვენი 2012 წლის პროკურატურის სისუსტე სულაც არ აძლევს სხვა სახელმწიფოებს ამორალური ქმედებების უფლებას. ადეიშვილის ოფიციალურ დელეგაციაში შეყვანა და, რაც მთავარია, მისი ოფიციალური მიღება აშკარად ამორალური და არამეგობრული ქმედებაა.
აქ ხელისუფლება მართალია, ამის ჩაჩუმება არ შეიძლება თუკი ვართ სახელმწიფო და პატივს ვცემთ ჩვენ სუვერენიტეტს. მე კიდევ უფრო ხისტი ვიქნებოდი და გერმანიიდან ელჩს კონსულტაციებზე გამოვიძახებდი.
– რადგან საუბრის დასაწყისში არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქვეყანაში არსებული ვითარების თემას შევეხეთ, ამ თემით უნდა გავაგრძელოთ.
ოპოზიციურ ფლანგზე 11 მარტამდე, ანუ, გვარამია-მელიას პარტიის გამოჩენამდე რამდენიმე ფავორიტი იყო. 1. სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, 2. ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელო“, 3. გახარიას „საქართველოსთვის.“
ფაქტია, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი აქვს სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“. ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდებს თითქმის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ გადალახონ 5% -იანი ბარიერი, მაგრამ, ეს კიდევ ბევრ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული, ცხადია.
ამ პარტიებს 11 მარტიდან ოპოზიციურ ფლანგზე გვარამია-მელიას პარტია „ახალი“ შეემატა.
თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 8 თვით ადრე ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებას? სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიტანა ოპოზიციურ ფლანგზე გვარამია-მელიას პარტიის გამოჩენამ?
– მართალი გითხრათ, ჯერ ბევრ ვერაფერ ახალს ვერ ვხედავ, ადრეა ამაზე ლაპარაკი. მკითხეთ მაისის ბოლოს.
– კვირის დასაწყისში პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გვამცნო, პრემიერის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში აღარ იქნება ზურაბ აბაშიძე და ამ პოზიციას მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი საჯაია დაიკავებს.
თუმცა, ასევე ითქვა, ზურაბ აბაშიძე მთავრობის მრჩეველი იქნება. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცვლილება? იმას ხომ არა, რომ მოსკოვის პოზიციები საქართველოსთან ურთიერთობაში სულ უფრო საგრძნობი და ხელშესახები იქნება?
– ბატონი ზურაბი ჩემზე უფროსია, იგი უკვე 12 წელია ამ თანამდებობას იკავებდა და მენტალურად გამოიფიტა. მთავრობის მრჩევლობა, როგორც მგონია, მისთვის იდეალური პოზიციაა.
ბატონი გიორგი, როგორც მესმის, ბატონი ზურაბის თანამოაზრეა და ამიტომ ძირითადი ხაზი, თუკი ასეთი არსებობს, უცვლელი დარჩება. საგნობრიობა და ხელშესახეობა კი, საუბედუროდ, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი