ალექსანდრე თვალჭრელიძე – რუსეთიდან ფულის შემოდენა ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის პირობებში ლარის კურსზე გავლენას არ იქონიებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, გასული კვირა ბევრი რამით იყო საინტერესო. შესაბამისად, განსახილველ საკითხები ბევრია, მაგრამ, გვინდა მსჯელობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას პარლამენტში მოსმენით დავიწყოთ.
პარლამენტში სტუმრობისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა – „ლარის კურსი ბოლო ერთ წელიწადში ისტორიულად გამყარდა“.
ბოლო პერიოდში ლარის კურსი მართლაც გამყარდა, მაგრამ, ფაქტია, რომ ლარის გამყარება არ უკავშირდება ქართულ ეკონომიკის ზრდას, არც ჩვენი პროდუქციის უპირველესად ევროპულ ბაზარზე ექსპორტის ზრდას. მესამე კვარტალში ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი ოდნავ შემცირდა კიდეც.
დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ლარის გამყარება უკავშირდება დან შემოსულ თანხებს, რომლის ოდენობა დღეის მონაცემებით 3, მილიარდ 400 მილიონია. ასევე იმის, რომ ქართული ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე.
კარგია, რომ ლარის კურსი მყარდება, მაგრამ, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ლარის კურსი მყარდება?
– მე თუ მკითხავთ, ისტორიული მოვლენა იყო ლარის კურსის გამყარება 1999 წლის ზამთარში, როცა ირაკლი მანაგაძემ ძალიან ხისტი პოლიტიკის გატარებით ჩვენ მთავარ ეკონომიკურ მონაპოვარს – ლარს – სიცოცხლისუნარიანობა შეუნარჩუნა.
მაშინ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სუსტი იყო, 98% რუსულ ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული, ხოლო რუსეთში 1998 წლის ზაფხულში არნახული ეკონომიკური კრიზისი გაჩაღდა, რასაც დეფოლტი მოყვა. რატომ გვავიწყდება ჩვენი წინამორბედების მიღწევები?
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე და არაერთხელ მითქვამს, რომ ამ კურსს ქვეყანაში ფართო ფულის სხვადასხვა ვალუტების აგრეგატების ფარდობა განსაზღვრავს. ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება შეამციროს მიმოქცევაში მყოფი ლარის მასა და ამით ეროვნული ვალუტა გაამყაროს. პროფესიონალიზმი სწორედ ასეთი პოლიტიკის ელასტიკურ გატარებაში მდგომარეობს: მან არ უნდა მოახდინოს გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება შეამციროს მიმოქცევაში მყოფი ლარის მასა და ამით ეროვნული ვალუტა გაამყაროს. პროფესიონალიზმი სწორედ ასეთი პოლიტიკის ელასტიკურ გატარებაში მდგომარეობს: მან არ უნდა მოახდინოს გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე
ალბათ გახსოვთ, რომ 1999 წელს ლარის კურსის სიმყარეს ბევრი რამ შეეწირა – საბიუჯეტო ორგანიზაციებში თვეების განმავლობაში გადაუხდელი ხელფასები, უცხოეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასურის არგადახდა და მრავალი სხვა. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ლარის სანდოობის შენარჩუნება.
დღეს სიტუაცია ძირფესვიანად შეცვლილია. ქართულ ეკონომიკას აქვს გარკვეული მდგრადობა და ამ ხისტად განსაზღვრულ ფარგლებში ჩვენ ეროვნულ ბანკს გაცილებით უფრო დიდი თავისუფლების ხარისხი გააჩნია. მთავარია ეიფორიით გამტკბარებმა ჯოხი არ გადაღუნონ. მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნათია თურნავა ამას არ დაუშვებს.
სხვათა შორის, მინდა გაგახსენოთ, რომ როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო, მე მას ზუსტად არასწორ საფინანსო პოლიტიკას ვედავებოდი. მიმოქცევაში ლარის მასა გაუმართლებლად დიდი იყო, რაც მას ხელოვნურად ასუსტებდა.
ამით მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ გარე შოკები, ადამიანთა და კომპანიების შ ან გაურკვევლობა ლარის გაცვლით კურსზე არ მოქმედებს. მაგრამ ეს ზეგავლენა, როგორც წესი, ხანმოკლეა და ეროვნულ ბანკს გააჩნია სათანადო ინსტრუმენტები მის გამოსასწორებლად.
გახსოვთ ალბათ პანდემიის პირველი დღეები, როცა ლარი სწრაფად დასუსტდა. მაშინ ეროვნულმა ბანკმა სწორად იმოქმედა და ეს ნეგატიური მოვლენა დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოსწორდა. აქ მთავარია თანმიმდევრული პოლიტიკა და არა იმპულსური ქმედებები. ახლა მინდა თქვენი შფოთი გავანეიტრალო – რუსეთიდან ფულის შემოდენა ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის პირობებში ლარის კურსზე გავლენას არ იქონიებს.
არ ვაყენებთ პოლიტიკურ კონიუნქტურას პრინციპებზე მაღლა?
– გასულ კვირას, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, ვინც მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ არჩევანს, თბილისში, ევროპის მოედანზე „ევროპული მარში“ გაიმართა.
მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსების ნაწილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. აქციის ფარგლებში ყველაზე დიდი ევროპის დროშა გაიშალა.
აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, ამ აქციით მათ უნდოდათ ევროპის საბჭოს სამიტის წინ ევროპელი ლიდერებისთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოს ახალგაზრდობის ნება ევროპული არჩევანია.
ამ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს. მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, აქცია იმათი ორგანიზებით გაიმართა, ვინც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებდა საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
როგორც ვიცით, ხელისუფლებამ უკვე დააანონსა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
უკვე ვიცით, რომ პრეზიდენტი ჩეხეთის პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრება. ამ თემაზეც ხელისუფლების პოზიცია აშკარად კრიტიკული იყო.
თქვენ როგორ შეაფასებდით არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ „ევროპულ მარშს“ და ამ ღონისძიებაში ხელისუფლების არმონაწილეობას?
– ვთვლი, რომ ნებისმიერი აქცია თუ ღონისძიება, რომელიც ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას შეუწყობს ხელს, მხოლოდ მისასალმებელია. „ევროპულ მარშთან“ დაკავშირებით ხელისუფლება გაბუტული ბავშვივით მოიქცა და მანაც პოლიტიკური მოსაზრებები პრინციპებზე მაღლა დააყენა. ბოლოს და ბოლოს, სტატუსს იღებს არა „ქართული ოცნება“, არა „ნაციონალური მოძრაობა“, არა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, არამედ სრულიად საქართველო.
„ევროპულ მარშთან“ დაკავშირებით ხელისუფლება გაბუტული ბავშვივით მოიქცა და მანაც პოლიტიკური მოსაზრებები პრინციპებზე მაღლა დააყენა. ბოლოს და ბოლოს, სტატუსს იღებს არა „ქართული ოცნება“, არა „ნაციონალური მოძრაობა“, არა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, არამედ სრულიად საქართველო
ამაზეც ვფიქრობ, ნუთუ ამ პოლიტიკური ლიდერების სულში აღარაფერი ისეთი აღარ დარჩა, რომელიც ერთი სასიცოცხლო პრობლემის ირგვლივ მაინც პოლიტიკურ შუღლს დაავიწყებინებს და წუთიერად მაინც გააერთიანებს? ნუთუ პარტიის წევრობა ეროვნულობაზე მაღლა დგას?
– ამერიკის სენატსა და კონგრესში ჭიანურდება უკრაინისთვის 61 მილიარდიანი დახმარების ახალი პაკეტის მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების მიცემის გადაწყვეტილებას, უნგრეთის პოზიცია აბრკოლებს. ამას წინათ გერმანიის კანცლერმა შოლცმა თქვა, თუ არ მიიღებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ გადაწყვეტილებას, ამაზე გერმანია იზრუნებს, რადგან, თუ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში რუსეთმა გაიმარჯვა, გერმანიას მოუწევს რუსეთთან ომი.
ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ სანქცირებული ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი ამას წინათ ჩინეთის შემდეგ, საუდის არაბეთში იყო ვიზიტად.
დამკვირვებელთა ნაწილს არ სჯერა, რომ აშშ ს დახმარებას შეუწყვეტს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ აშშ-მ სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ დაიწყო თავისი სამხედრო საწარმოების ახალ სიმძლავრეებზე გადაყვანა.
მოახლოებული საპრეზიდენტო ს გამო აშშ-ში ვითარება რომ მარტივი სულაც არაა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ახლა უკრაინის ბედი, ისევე როგორც ევროპის უსაფრთხოების მომავალი ამერიკაზეა დამოკიდებული.
საშობაო არდადეგების დაწყებამდე აშშ მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის სასარგებლოდ?
– განა ამერიკელი პოლიტიკოსები ჩვენსაზე უფრო გამჭრიახები გგონიათ? იქაც დემოკრატებსა და ტრამპის ფრთის რესპუბლიკელებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილია, ოღონდ ზრდილობის გარსის შენარჩუნებით.
იმედი მაქვს, რომ არმაგედონი არ დატრიალდება და ამა თუ იმ ფორმით აშშ უკრაინის მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს
საუბედუროდ, მათი სამოქმედო არეალი მთელი დედამიწაა და ამ ჭიდილმა შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიღოს ბირთვული ომის ჩათვლით. იმედი მაქვს, რომ არმაგედონი არ დატრიალდება და ამა თუ იმ ფორმით აშშ უკრაინის მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს.
– NDI-იმ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. ძირითადი პარამეტრები ასეთია – 62 %-ის აზრით, საქართველოში არც ერთი პარტია მათ ინტერესებს არ გამოხატავს, ამომრჩეველთა 47% გადაუწყვეტელია.
არჩევნებამდე დარჩენილ დროში „ქართული ოცნებას“ მხარს უჭერს 19%, „ნაცმოძრაობას“ -4%.
NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. NDI – უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება.
საინტერესოა ისიც, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. გამოკითხულთაგან, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის.
NDI-ის კვლევის ბოლო შედეგები რაზე მიუთითებს, ან თქვენ რას გეუბნებათ?
– პოლიტიკურ ნაწილში 62%-ს ვუერთდები. სერიოზულად კი კვლევა ჩვენი საზოგადოების სრული სარკეა. პარადოქსულია, მაგრამ კვლევა საქართველოს ნელ მაგრამ მდგრად განვითარებას ასახავს. თუ საუკუნის დასაწყისში საკვების ფული მოსახლეობის 50%-ს არ ჰქონდა, დღეს ეს ციფრი 10%-მდეა შემცირებული. ნელ-ნელა იქმნება საშუალო ფენა.
თუ 2000-იან წლებში საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზე მილიონერების გარდა თითქმის მთელი საზოგადოება იყო დამოკიდებული, დღეს ეს რიცხვი 10%-ს შეადგენს.
მოვლენები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ წინსვლა სახეზეა.
პარადოქსულია, მაგრამ კვლევა საქართველოს ნელ მაგრამ მდგრად განვითარებას ასახავს. თუ საუკუნის დასაწყისში საკვების ფული მოსახლეობის 50%-ს არ ჰქონდა, დღეს ეს ციფრი 10%-მდეა შემცირებული. ნელ-ნელა იქმნება საშუალო ფენა. მოვლენები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ წინსვლა სახეზეა
ახლა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. შეიძლებოდა კი, რომ საქართველო უფრო სწრაფად განვითარებულიყო და უფრო შთამბეჭდავი შედეგები მიგვეღო? რასაკვირველია, კი, მაგრამ ამისთვის სულ სხვაგვარი სახელმწიფო მართვის მექანიზმი და სხვა სამთავრობო პოლიტიკა იყო გასატარებელი, რაც გამსახურდიას ადმინისტრაციიდან დაწყებული ვერც ერთმა მთავრობამ თვალი ვერ გაუსწორა.
ძალიან მინდა, რომ ამ თემას ცალკე ინტერვიუ მივუძღვნათ.
– მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს საგარეო კურსის გამო ღიად დაუპირისპირდა, სახელისუფლებო გუნდი სულ უფრო ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ზურაბიშვილმა, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტი დატოვოს და პროევროპულ ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში.
სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან წასვლისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იმაზე მეტად გვესმის მსჯელობები, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ან მმართველ გუნდს უნდა ძალიან, პრეზიდენტმა ვადაზე ადრე დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, ან რეალურად არსებობს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს სურს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილის კრეატურად მიიჩნევს, ნაწილი ქართულ პოლიტიკაში მის გააქტიურებას მხოლოდ მიესალმება. „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ნუ გააიგივებთ „ქართული ოცნების“ ყველა ქმედებას ბიძინა ივანიშვილთან, მეჩვენება, რომ ის საქმეში მხოლოდ მაშინ ერევა, როცა საკითხი მის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება ხოლმე“.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს
ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის თემა, შესაძლოა, იყოს ის საკითხი, რაც ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? ანუ, პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა?
– ქალბატონი სალომე ევროპული ფასეულობების ადამიანია და რომც გახდეს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, იგი არავის შევიწროებას არ დაიწყებს. ეს კარგად ესმის ნებისმიერ ჭკვიან ადამიანს.
ახლა თქვენ კითხვას დავუბრუნდეთ. არჩევნებში კარგი შედეგის მიღწევა მაღალი რეიტინგისა და მოსახლეობის სიმპათიის მიუხედავად შესაძლებელია მხოლოდ ჭკვიანური და ხისტი მენეჯმენტის პირობებში, რომელიც ეფუძნება შესაბამის ფულად რესურსს. ეს ფულადი თუ მენეჯმენტის რესურსი ქალბატონ სალომეს, როგორც მეჩვენება, არ გააჩნია. ამასთან, ახლა პარტიის ჩამოყალიბება თუ სხვაგვარი პოლიტიკური იდენტიფიცირება უკვე დაგვიანებულია.
ფულადი თუ მენეჯმენტის რესურსი ქალბატონ სალომეს, როგორც მეჩვენება, არ გააჩნია. ამასთან, ახლა პარტიის ჩამოყალიბება თუ სხვაგვარი პოლიტიკური იდენტიფიცირება უკვე დაგვიანებულია
ამიტომ მე ქალბატონი სალომეს ადგილზე დავრჩებოდი სამოქალაქო საზოგადოებაში და, მერწმუნეთ, გაცილებით მეტს გავაკეთებდი, ვიდრე თუნდაც სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი რიგითი პარტიის ლიდერი.
გამორჩეული პრეზიდენტები რიგითი დეპუტატის მანდატზე არ თანხმდებიან ხოლმე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი