ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტთან, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, სხვადასხვა მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცველებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აღენიშნებათ, რაც გამოწვეულია ნივთების სროლის შედეგად.
„საზოგადოება გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ხედავდა იმ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ ჩადიოდნენ. ჩვენ პოლიციის კორდონები ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩის მიმდებარედ გვყავდა განთავსებული, თუმცა რატომღაც მხოლოდ ერთ მიმართულებაზე იყო დაძაბული ვითარება. ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, საზოგადოებამ ნახა, რომ იყო ქვების სროლა, ასევე სხვადასხვა მძიმე საგნების, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ბოთლში ყრიდნენ ქვებს და იმას ესროდნენ, ასევე საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ, მათ შორის პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ. არაერთი თანამშრომელია დაზიანებული, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათი ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე არის და მკურნალობა სჭირდებათ. დაზიანებები ძირითადად არის თავის არეში, რაც გამოწვეულია სწორედ ნივთების სროლის შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ კანონიერ ფარგლებს არ გასცდნენ, რაც არის მშვიდობიანი შეკრების უფლება, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, სხვა შემთხვევაში პოლიციას მოუწევს იმოქმედოს იმ მანდატის ფარგლებში, რაც მას პოლიციის კანონით და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით აქვს მინიჭებული“,-განაცხადა დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ხალხისნების საწინააღმდეგოდ – საქართველო ევროპაა