ალექსანდრე დარახველიძე ვანდალიზმის ფაქტებზე: მსგავსი ტიპის ქმედებაზე ძირითადად რეაგირებდნენ მუნიციპალური სამსახურები, თუმცა მუნიციპალურ სამსახურებს არ აქვთ ის ტექნიკური და სამართლებრივი შესაძლებლობები, რაც გააჩნია პოლიციას

მსგავსი ტიპის ქმედებაზე ძირითადად უფრო რეაგირებდნენ მუნიციპალური სამსახურები, თუმცა მუნიციპალურ სამსახურებს არ აქვთ ის ტექნიკური და სამართლებრივი შესაძლებლობები, რაც გააჩნია პოლიციას, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ვანდალიზმის ფაქტებზე რეაგირების გამკაცრებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირი შენიღბულია, მუნიციპალიტეტს არ აქვს იმის რესურსი, რომ დაადგინოს კონკრეტულად ეს ქმედება ვინ ჩაიდინა, ასევე, არ აქვს გამოძიების ფუნქცია და იძულების სხვადასხვა ზომის გამოყენების საშუალება.

„სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი პოლიციის ჩართულობა, რადგან პოლიციას აქვს ყველა საშუალება და სამართლებრივი ბერკეტები და მექანიზმები, რომ გამოავლინოს თითოეული სამართალდამრღვევი თუ დამნაშავე, ვინც ასეთ ქმედებას ჩაიდენს. ჩვენ მოვახდენთ ეფექტურ რეაგირებას“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება.