ალეკო ელისაშვილმა თბილისში პენსიონერებთან რიგით მეშვიდე შეხვედრა გამართა

პარტია „ – მოქალაქეები” საპენსიო სესხებით დაზარალებულებს ამჯერად ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკში შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პენსიონერებთან მორიგ შეხვედრაში პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან ერთად, იურისტებიც მონაწილეობდნენ.
მათივე ცნობით, ასამდე პენსიონერს სესხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებზე კონსულტაცია გაუწიეს.
„პენსიონერების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ბანკმა გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა იმის გამო, რომ უკვე არსებულ სესხზე ვადა ორი და სამი წლით გაუხანგრძლივა, “ლიბერთი ბანკისგან” მათ კითხვებზე კი ამომწურავ პასუხს ვერ იღებენ.
,,მეგონა ჩემი სესხი, რომელიც ოთხი წლის წინ ავიღე, 2023 წლის დეკემბერში დასრულდებოდა, ასე წერია ხელშეკრულებაში, რომელზეც ხელი მაქვს მოწერილი. მაგრამ ბანკმა პენსიიდან თანხა იანვარშიც ჩამომაჭრა. როდესაც მივედი და ვიკითხე, რომ სესხი დავასრულე და რატომ მეჭრებოდა თანხა, “ლიბერთი ბანკის” ოპერატორმა მითხრა, რომ გადახდა 2026 წლის აგვისტომდე უნდა გავაგრძელო, რადგან თურმე პანდემიის დროს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ვისარგებლე. რატომ მძარცვავს ბანკი და რატომ ისაკუთრებს ჩემს კუთვნილ პენსიას? კიდევ სამი წელი ასე უნდა გაგრძელდეს?”, – განაცხადა პენსიონერმა ნუნუ გოგიჩაიშვილმა.
,,სესხის გადახდა 2022 წელს უნდა დამესრულებინა და გაგრძელებული მაქვს 2026 წლის ნოემბრის ჩათვლით. ქეთი თურაზაშვილს მოვუსმინე და გავიგე, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ძველ გრაფიკზე დაბრუნება, ბანკში კი ამის შესახებ არავინ არაფერი მითხრა. თბილისში ერთ-ერთ შეხვედრაზე ,,მოქალაქეების” გუნდის იურისტების დახმარებით დავწერე განცხადება და ბანკში შევიტანე. მივიღე პასუხი, რომ ჩემი სესხი დაბრუნდება ძველ გრაფიკზე და 2026 წლამდე გადახდა აღარ მომიწევს. დღეს შეხვედრაზე მოვედი მადლობის სათქმელად, რომ არა ,,მოქალაქეების” გუნდი, მე დღეს სესხი ისევ მექნებოდა”,- განაცხადა პენსიონერმა ლიდა ჯანიაშვილმა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი საპენსიო პრობლემებზე მესამე წელია აქტიურად მუშაობს.
პარტიის ცნობით, შეხვედრების გარდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყენებს პარლამენტის ტრიბუნას პენსიონერთა პრობლემებზე სასაუბროდ, აგზავნის სადეპუტატო კითხვებს და აღსანიშნავია დავაც, რომელიც პარტიამ სასამართლოში პენსიონერების უფლებების აღსადგენად დაიწყო.
როგორც თურაზაშვილმა აღნიშნა, ის ელოდება დროულ რეაგირებას ეროვნული ბანკისგან, რადგან მისი თქმით, ნათია თურნავას უკვე აქვს საკმარისი ინფორმაცია “ლიბერთი ბანკში” არსებული დარღვევების შესახებ.
,,ნათია თურნავა, რომელიც პარლამენტში ჩვენი ინიციატივით იმყოფებოდა, ძალიან ბევრ საკითხში დაგვეთანხმა. დაგვეთანხმა, რომ პრობლემა იყო პენსიონერების ინფორმირების კუთხით, რომ „ლიბერთი ბანკი“ არ აწვდიდა საკმარის ინფორმაციას, ვიდრე სესხზე ხელს მოაწერინებდა. ასევე პრობლემებია იმ კუთხით, რომ როდესაც ხელშეკრულებებს ითხოვენ ეს ადამიანები, რათა გაიგონ თუ რის საფუძველზე ეჭრებათ სესხი, ბანკი ეუბნება რომ ხელშეკრულება არქივშია. ამაზეც დაგვეთანხმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ ესეც შეცდომაა, რადგან აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება ელექტრონულად არსებობს “ლიბერთი ბანკში”. გვეთანხმებიან, მაგრამ არ დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ასეთი გეგმა, განცხადებებს ვაწერინებთ, მივმართავთ “ლიბერთი ბანკს” და ჩვენ უკვე ასობით შედეგი გვაქვს ძველ ჩარჩოში დაბრუნების და სესხის განულების. ჩვენ ამას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.
პარტია “მოქალაქეების” ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან შეხვედრები აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში იგეგმება.