ალეკო ელისაშვილი – წყლის ჭავლის მანქანები რომ იყიდეს, თოვლის საწმენდი მანქანები ვერ იყიდეს? სამაშველო სამსახური, ალბათ, ჯარიმების ქვითრის დარიგებაში ჰყავთ ჩართული – შოვის ტრაგედიის შემდეგ, როგორ შეიძლება დასკვნა ვერ გამოიტანო?

კოჯორ-ტაბახმელასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რა უნდათ? ეგენი წავიდნენ და წითელი არმიელები დაიტირონ. მაშინ მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე მართავდნენ ქვეყანას. ასე არიან ესენიც, მხოლოდ სახელი და გვარები შეიცვალა. ერთი წამოაყენა ის იუნკერები, „პანჩურებით“ გამოყრიდნენ მაგ რუს ვირიშვილებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წლის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან ძალიან ფრთხილი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რომელსაც ნებისმიერი საკითხის გამოყენება შეუძლია თავისი მიზნების მისაღწევად, ასევე, პოლიტიკოსი საზოგადოებას საღამოს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გასვლისკენაც მოუწოდებს, რომ „არც საბჭოთა და არც პუტინის ოკუპაციას არ შევეგუოთ“.
„ირპენში სარდაფიდან ამოსული, ომისგან შეშინებული ხალხი მინახავს. ვისაც ომი უნახავს, იმას ყველაზე მეტად არ უნდა ომი, მაგრამ ეს არ არის მშვიდობა, როცა ადამიანებს გტაცებენ და გიკლავენ. თავიდანვე ტყუილს იძახის „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ ვინმე ომისკენ გვექაჩებოდა. რუსეთთან ძალიან ფრთხილი, პრაგმატული ურთიერთობა უნდა გვქონდეს და მაქსიმალურად დისტანცირებული, საშიში ხალხია, ეკონომიკასაც და ნებისმიერ რაიმეს შენს წინააღმდეგ იყენებს.
არ დავიზაროთ, ნამდვილად არ არის კარგი ამინდი, ცივა, მაგრამ სამშობლო ზამთარშიც სამშობლოა, ერთმანეთი და ის ადამიანები გავამხნეოთ, რომლებიც ამ წუთებშიც იტანჯებიან საქართველოს თავისუფლებისთვის ციხეში, ქალიც და კაციც ციხეშია ჩაყრილი. მინდა ყველა პოლიტიკური პატიმარი გავამხნეო. არ შევეგუებით არც საბჭოთა და არც პუტინის ოკუპაციას“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად ახალი კანონებისა, საზოგადოებამ უნდა გაუძლოს და „ქართული ოცნება“ რა კანონებს თარგმნის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„ბოდვაა, გინდა „ფარა“ მიიღონ, გინდა „კამასუტრა“ დაამტკიცონ საკანონმდებლო აქტად, რა მნიშვნელობა აქვს. თვითაღიარებულმა ხალხმა ფიზკულტურის დარბაზად გადააქციეს პარლამენტი. ვინც სადმე რკინა აწია და ეჯაჯგურა, ყველა იქ არის.
უნდა გავუშვათ ესენი ხელისუფლებიდან, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს უნდა მივაღწიოთ, მანამდე ესენი რეებს თარგმნიან და მიიღებენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე მიღებული კანონები დაგვაწვება, იმ ჯარიმების არ იყოს, მაგრამ უნდა გავუძლოთ. წყლის ჭავლის მანქანები რომ იყიდეს, თოვლის საწმენდი მანქანები ვერ იყიდეს? ამათმა მარტო ფულის შოვნა იციან. ხომ ვიცით, როგორი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანა ვართ, რა უნდა ერთხელ და სამუდამოდ გაიმართოს სამაშველო სამსახურის სისტემა.
სამაშველო სამსახურიც, ალბათ, ჯარიმების ქვითრის დარიგებაში ჰყავთ ჩართული. ს ტრაგედიის შემდეგ, როგორ შეიძლება დასკვნა ვერ გამოიტანო, როგორ შეიძლება პროგნოზირების და მეტეოროლოგიური სადგურები არ გააძლიერო. არა, ფეხებზე ჰკიდიათ, უნდათ დრაკონული კანონები მიიღონ, რომ გაწამონ. ამათ ქვეყანა არ ადარდებთ. მარტო ის ადარდებთ, რომ წყლის ჭავლის მანქანები, ხელკეტები და რეზინის ყუმბარები ჰქონდეთ, რომ დაგახრჩონ მიტინგზე რომ გამოხვალ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ასევე, ალეკო ელისაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ცუდად გამოიყურება და საჭიროა მეტი კოორდინაცია.
„კონსოლიდირებული მოქმედებაა საჭიროა, მაგრამ არ ვიცი, ძალიან გაუგებარი ხალხია ამ ოპოზიციაში, ზოგი ალთას მიდის, ზოგი – ბალთას, ახლა ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უნდა ვიყოთ. თვითონ ოპოზიციაში პოლიტიკოსებს აუხსნელი ამბიციები აქვთ. ჩვენი კოალიცია ყველაფერს ვაკეთებდით და მზად ვართ, რომ უფრო მეტი კოორდინაციისთვის ნაბიჯები გადავდგათ, არ გამოდის და რა ვქნათ? საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან კარგად ვმუშაობთ. მტერი რომ შემოვიდეს, ყველა გვერდიგვერდ ხომ უნდა დავდგეთ? შემოსულია მტერი და მას „ქართული ოცნება“ ჰქვია, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ ერთმანეთის გვერდზე დგომას. თუ ასე გავაგრძელებთ, როცა იქნება, ხალხი ხმას აღარ მოგვცემს. კოორდინაცია არის, მაგრამ უფრო მეტი კოორდინაცია უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.