ალეკო ელისაშვილი – ყველაფრის თავი და თავი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს მესამედაც უნდა წარმოედგინა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა – სწორი იქნებოდა, ოპოზიციასაც მისთვის მხარი დაეჭირა, რადგან ამ ადამიანს რეპუტაცია დასვრილი არ აქვს

„ქართული ოცნება“ მოგვიგებს ყველას. პატარა ბავშვებივით დაგვტყეპავს, თუ ასე გავაგრძელეთ – ოპოზიციის დიდ ნაწილს არ უნდა ხელისუფლების ცვლილება და მათთვის კომფორტულია ეს მოცემულობა, უნდათ რომ იტივტივონ პოლიტიკაში,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ოპოზიციის ყველა წევრი ძალიან ცუდად გამოიყურება და ვერ ხედავს საერთო მიზანს.
„ჯერ არ ვართ არანაირ ფორმაში, ძალიან ცუდ ფორმაში ვართ, ცუდად გამოვიყურებით ყველა. არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, მე რომ მკითხო, იმიტომ, რომ დასკვნებიც ვერაფრისგან ვერ გამოიტანეს და თან რესურსები და ტელევიზიები რომ აქვთ, შეუძლიათ, დღის წესრიგი შექმნან. ჩემი გადასახედიდან, შუაშისტურ პარტიებს, რომლებსაც გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, უზარმაზარი რესურსი აქვთ, ჩვენ თუ შევძლებთ ნაბიჯების გადადგმას და ერთმანეთთან დალაპარაკებას, ძალიან დიდი სინერგიული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს გამოვა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთის ლანძღვასა და ზიზღში ძალიან მაგრები ვართ, თუმცა ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია. საერთო მიზნის დანახვა გვიჭირს და ეს ჩვენი ისტორიული პრობლემაა.
„ქართული ოცნება“ მოგვიგებს ყველას, პატარა ბავშვებივით, „ტაკოზე“ რომ გატყეპავენ, ასე დაგვტყეპავს, თუ ასე გავაგრძელეთ. ვიღაცებს, როგორც ჩანს, უნდათ, რომ დეკორაციები იყვნენ პარლამენტში. ოპოზიციის ნაწილს, როგორც ჩანს, არ სჯერა, რომ ხელისუფლების ს გზით ცვლილებაა შესაძლებელი. ოპოზიციის დიდ ნაწილს, არ უნდა ხელისუფლების ცვლილება და მათთვის კომფორტულია ეს მოცემულობა, უნდათ რომ იტივტივონ პოლიტიკაში“,- განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციის შეცდომის შედეგია.
„შეცდომის თავი და თავი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს მესამედაც უნდა წარმოედგინა კალანდარიშვილის კანდიდატურა. სწორი იქნებოდა, რომ ოპოზიციასაც დაეჭირა კალანდარიშვილისთვის მხარი, იმიტომ, რომ რეპუტაცია დასვრილი ამ ადამიანს არ აქვს. ჩატარებულმა 8 შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ კალანდარიშვილს რეპუტაცია არ დაუზიანებია. ყველაფერზე არ უნდა გაჯიქდე- არადა ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს იმ პარლამენტში ოპოზიციას და ხელისუფლებას, სანამ კამერები შემოვა დარბაზში, ყველა ჩვეულებრივ ურთიერთობს. კამერები შემოვლენ თუ არა, ყველა გარბის აქეთ-იქით და ოპოზიციას აქვს პოზა, რომ არაფერს მხარი არ დაუჭიროთ. საერთო ჯამში, ოპოზიციისა და ს შეცდომის შედეგად და „ქართული ოცნების“ სიხარბის გამო, მოხდა ის, რომ ოპოზიციის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა. მთელი ამ დავიდარაბის შედეგია, რომ კალანდარიშვილი მაინც იქნება, მაგრამ ოპოზიციას მოადგილე აღარ გვეყოლება. რადგან ოპოზიციაში ხარ, ამიტომ სულ ერთ პოზაში უნდა იდგე, ასე არ არის, ეს სტერეოტიპები არის დასანგრევი და ახალი პოლიტიკური კულტურაა ასაშენებელი. ამ რაღაც გაუგებარი სტერეოტიპების მძევლობაში ვართ სინამდვილეში დაა მერე ბუმერანგად გვიბრუნდება, როგორც ამ შემთხვევაში. ისინიც გაჯიქებულები არიან და სულ პოზაში არიან, რომ მისხალს არავის არ დაგითმობთო და ჩვენ კიდე ასეთ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.