ალეკო ელისაშვილი – ქართველს, რომელიც არჩევნებზე არ წავა და სახლში დარჩება, იმას საქართველო არ უყვარს, ის ლახვარს ურტყამს ზურგში საქართველოს – 26-ში ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, გავაფერადოთ ოპოზიცია

დღეს მე აქ, „ძლიერ საქართველოში“ ვდგავარ და მჯერა, აქ დგომით ვემსახურები საქართველოს. ჩვენ სწორედ სამშობლოს სიყვარულმა და ქვეყნის გადარჩენის სურვილმა გაგვაერთიანა. ამ არჩევნებზე ერთ მუშტად შეკრულები გავდივართ, ამათ აუცილებლად დავამარცხებთ და ქვეყანას წინ წავიყვანთ, – ამ სიტყვებით მიმართა ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებს ,,ძლიერი საქართველოს“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, „ძლიერი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური კოალიციაა, რომელსაც დეტალურად გაწერილი გეგმა აქვს, რომლის შესრულებასაც ხელისუფლების ცვლილების დღიდან შეუდგება.
ელისაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება“ სამჯერ მოვიდა ხელისუფლებაში და ყველანაირი რესურსი ჰქონდა, რომ დაპირებები შეესრულებინა, თუმცა მათ ქართველი ხალხი სამივეჯერ მოატყუეს.
„ორ დღეში გავიმარჯვებთ, მაგრამ მანამდე მოდით ერთი ამბავი გავიხსენოთ. 12 წლის წინ, ყველას ყელში გვქონდა ამოსული წინა ხელისუფლების ძალადობა და ძალიან გვინდოდა ცვლილება. მაშინ გამოჩნდა , რომელიც წესით ძალიან ბევრ კარგ რამეს გვპირდებოდა და გვეგონა მხსნელი მოგვევლინა. თან რეებს გვპირდებოდა, უფასო ფულზე ტაში რამ მაკვრევინა, ვერ მომინელებია, მერე კი ვეუბნებოდი ჩემს თავს, კითხვა როგორ არ დავსვი, ფული და უფასო ვის გაუგია მეთქი, მაგრამ ვუკარი ტაში. 100 ქარხანაო, აგაშენებს ღმერთი, 5 მილიონი თითო სოფელსო, გაგახარებს ღმერთი, სოლარიუმი ყველა სოფელსო, მაგაზეც რამ მაკვრევინა ტაში, მაგრამ დაკრული მაქვს და ცოდვა გამხელილი ჯობია.
სამჯერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, სამივეჯერ მოგვატყუა, ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ დაპირებები შეესრულებინა, სრული ძალაუფლება და შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ იცით რატომ არ შეასრულა? არ ვადარდებთ, არაფრად მივაჩნივართ, ელექტორალური რესურსი ვართ. დავპირდები, გადავაგდებ, მივრეკავ, ამირჩევენ – ასეთი წარმოდგენა აქვს ივანიშვილს ქართველ ხალხზე.
სოფელ-სოფელ დავდიოდით ამ ხნის მანძილზე და მინდა გითხრათ, რომ სოფლების ნახევარი დაცლილია. გულსაკლავია ეკალ-ბარდებად ქცეული ეზოებისა და უპატრონობით ჩამონგრეული სახურავების ყურება, გადახვეწილია ნახევარი საქართველო ლუკმაპურის საშოვნელად, სხვების მოხუცების მოსავლელად, ესაა ჩვენი რეალობა. ამ კაცს იმდენად არაფრად მივაჩნივართ, ამის ფონზე გამოდის და გვეუბნება, პირველი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოშიო, ყველა დასაქმებულიაო, 700 ქარხანა მუშაობს და უფასო ფულიც დავარიგეო. უფასო ფული ნამდვილად დაარიგა, ოღონდ თავის ახლობლებში, ჩვენ ყველაფერი გაგვიძვირა.
ეს კაცი ფიქრობს, რომ ახლაც, ხომ მოგვატყუა, გადაგვაგდო და აბუჩად აგვიგდო, მაგრამ მაინც მივიყვან და ხმას ისევ მე მომცემენო. ამასაც ვნახავთ ორ დღეში.
დაბომბილ და აწიოკებულ გორში დადგა და ჩვენი ხალხი სახლებიდან რომ გამოგვიყარა, დაგვიხოცა და აგვიწიოკა, იმ ხალხს მოუხადა ბოდიში.
მიიღეს კანონი, რომლითაც ქვეყანას უსპობენ პერსპექტივას და ერთადერთი ვინ გაახარეს ამით? . რუსეთს უქიცინებენ კუდს დღე და ღამე.
მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენს საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. მე მინდოდა ვყოფილიყავი სამხედრო ოფიცერი. ჩემს ოჯახს უჭირდა და იძულებული გავხდი დამეწყო მუშაობა და ოჯახს შევხიდებოდი, მაგრამ გულით და ტვინით ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. მართალია ბევრი რამ მეშლება, მაგრამ ახლა, პირველად მინდა მამუკას მოვუხადო ბოდიში, მე მისთვის ბოდიში არ მომიხდია. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად იმ ეთერის გამო. დღეს მე აქ, ძლიერ საქართველოში ვდგავარ იმიტომ, რომ ვემსახურები საქართველოს. ბევრი გვიკამათია და აზრთა სხვადასხვაობაც გვქონია, მაგრამ ამ არჩევნებზე ერთ მუშტად შეკრულები გავდივართ, ამათ აუცილებლად დავამარცხებთ და ქვეყანას წინ წავიყვანთ.
,,ძლიერი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური კოალიცია ვართ, რომელსაც მისხალ-მისხალ, დეტალურად გაწერილი გეგმა გვაქვს და ზუსტად ვიცით ამათი წასვლის დღიდანვე როგორ დავიწყოთ ევროკავშირისკენ ქვეყნის წაყვანა და გამდიდრება, როგორ დავიწყოთ 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. ბევრი პენსიონერი ელოდება 1000 ლარიან პენსიას და მე პირველ რიგში ჩემს უძვირფასეს ადამიანებს, ჩემს პენსიონერ მშობლებს ვპირდები, რომ როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, პენსიის ზრდა დაიწყება პირველივე სამ კვირაში და 1000 ლარი გახდება.
ქართველს, რომელიც ამ არჩევნებზე არ წავა და სახლში დარჩება, იმას საქართველო არ უყვარს, ის ლახვარს ურტყამს ზურგში საქართველოს. 26-ში ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, გავაფერადოთ ოპოზიცია, მაგრამ პირველ რიგში საარჩევნო ნომერი 9, ,,ძლიერი საქართველო“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ