ალეკო ელისაშვილი – უმრავლესობის დეპუტატებს სანქციებს რომ დაადებენ, მერე ნახავთ, როგორ „მოძუძგავენ“, მათ ბევრი არაფერი უნდათ კისრის მოსაგრეხად – ეგენი ხაბაროვსკში და ხაშურის ღამის კლუბში „საგულაოდ“ წამსვლელები არ არიან

ვიცი, რომ უცხოელები ეხმარებიან იმას, ვინც იმსახურებს დახმარებას და ეხმარებიან ღირსეულს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ღირსეული ერი ვართ, რომ გვწყურია თავისუფლება და ქედს არავის მოვუხრით, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს ხვდება.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესება და დახმარება იქნება.
“უპირველესი არის ჩვენი წინააღმდეგობა, ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა, შემდეგ დანარჩენი არის უკვე დახმარება, შევჩივლებთ, გულს გადავუშლით და მათ აზრსაც მოვისმენთ. “ქართული ოცნების” დეპუტატების უმრავლესობა არის მილიონერი. მათ დიდ ნაწილს უძრავი ქონება აქვს ევროპაში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა “საგულაოდ” ევროპაში, სასტუმროებს, რესტორნებს კეტავდნენ და ყირაზე გადადიოდნენ. მათ და მათი ოჯახის წევრებს სანქციებს რომ დაადებენ, მერე ნახავთ, როგორ “მოძუძგავენ”, მერე დაიწყებენ მოყოლას, როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ სინამდვილეში. მათ ბევრი არაფერი უნდათ კისრის მოსაგრეხად. ლაგამს რომ ამოსდებენ, მერე ნახავთ, თორემ ეგენი ხაბაროვსკში “საგულაოდ” წამსვლელები არ არიან და ხაშურში კიდევ ღამის კლუბში. მონაკოში უნდათ, ბიძია, კოკაინი “გაიყნოსონ” და “ბებია მაგათის”. რომ გადაუკეტავენ ამ გზას, მერე ნახავთ როგორ აწკმუტუნდებიან ეს ჯიგრები”, – განაცხადა ელისაშვილმა.