„სად არის რეაბილიტირებული „ლაგუნა ვერე“? გველების და ვირთხების ბუდედ არის აქაურობა გადაქცეული, მაგრამ ეს ტყუილი არ გვაკმარა კახა კალაძემ, აქ უფრო უარესი იგეგმება, „ლაგუნა ვერეს“ ადგილზე კალაძემ და თბილისის მერიამ გასცა 2 ცათამბჯენის აშენების ნებართვა. უნდა აშენდეს 40 და 52- სართულიანი ცათამბჯენები. საწყლოსნო კომპლექსი არა, კვატი. ორ ცათამბჯენს აშენებენ, ამაში 80 მლნ დოლარი იშოვა ბიძინა ივანიშვილმა, ამ ვაჭრუკანა ჩარჩმა, – აღნიშნული განცხადება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ლაგუნა ვერესთან“, თანაგუნდელებთან ერთად გააკეთა.
მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ ადგილზე, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხრიდან იგეგმება „გადამგდებობა, ძალიან დიდი ტყუილი და მავნებლობა“.
„ვნახეთ, კორუმპირებულმა „ოცნებამ“ მესამე ვადით, როგორ წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად, თბილისის, ამ ქალაქის არსებობის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, ხელმოცარული და წარუმატებელი. ის ერთადერთ რამეშია წარმატებული, ქალაქის ინტერესების ფეხებზე დაკიდებაში, ფულის თქვლეფაში და ფულის მოპარვაში. მისი წარდგენის მეორე დღეს გვინდა გაჩვენოთ ადგილი, რომელიც არის სიმბოლო კალაძის გადამგდებობის, მატყუარობის და ქალაქის აბუჩად აგდების. ყველას გახსოვთ, რა არაჩვეულებრივი სპორტული და საწყლოსნო კომპლექსი იყო „ლაგუნა ვერე“, განსაკუთრებით, რა მადლი იყო ზაფხულობით ეს ღია, არაჩვეულებრივი აუზი, რომელიც ახლა ასე გამოიყურება, როგორც გამოიყურება. ეს მადლიანი ადგილი იყიდა ბიძინა ივანიშვილმა და გააოხრა, გააუბედურა და გააპარტახა.
სად არის რეაბილიტირებული „ლაგუნა ვერე“? გველების და ვირთხების ბუდედ არის აქაურობა გადაქცეული, მაგრამ ეს ტყუილი არ გვაკმარა კახა კალაძემ, აქ უფრო უარესი იგეგმება, „ლაგუნა ვერეს“ ადგილზე კალაძემ და თბილისის მერიამ გასცა 2 ცათამბჯენის აშენების ნებართვა. უნდა აშენდეს 40 და 52- სართულიანი ცათამბჯენები. საწყლოსნო კომპლექსი არა, კვატი. ორ ცათამბჯენს აშენებენ, ამაში 80 მლნ დოლარი იშოვა ბიძინა ივანიშვილმა, ამ ვაჭრუკანა ჩარჩმა. კალაძე არათუ გვძარცვავს, არამედ გვატყუებს. წარმოიდგინეთ, ორივე ცათამბჯენში იქნება 1000 ბინა და კომერციული ფართი. წარმოიდგინეთ, გმირთა მოედანზე ათასობით მანქანა რომ დაემატება, აქ რა მოხდება წარმოგიდგენიათ? მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ვართ იმისთვის, რომ ამ მექრთამეების, ამ გადამგდებების, მატყუარების ხელისუფლება ამ ქალაქში და ქვეყანაშიც დავასრულოთ და ეს უნდა მოვახდინოთ 4 ოქტომბერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
