ევროკავშირმა ყველაფერი ძალიან დააგვიანა იმიტომ, რომ ერთი წელია, გვცემენ, გვიჭერენ, გვირტყამენ, ევროკავშირმა კი თვითონ შექმნა ასეთი მძიმე და ბიუროკრატიული სტრუქტურა, რომლის სუსტ წერტილებსაც რუსეთი ძალიან ეფექტიანად იყენებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ისურვებდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ისეთი სანქციები დაუწესონ, რომელიც „მაგნიტსკის სიას“ გაუთანაბრდება.
„ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქცია არის დაგვიანებული, თუმცა მე ვისურვებდი, სანქციები ისეთი იყოს, საკუთარ ტყავზე ყველა რომ იგრძნობს, მათ შორის ქონების ჩამორთმევები.
„ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს აქვს სახლი ევროპაში. ყველა ლიდერს ევროპაში ან ბიზნესი აქვს, ან საბანკო ანგარიშები აქვს, ან ქონება უზარმაზარი. ვისურვებდი, ისეთი სანქციები დაადონ, როგორიც „მაგნიტსკის სიაა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ზურაბიშვილი გარკვეულ გეგმებზე საუბრობს. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ამ განცხადებაში ერთობის გეგმა ვერ დაინახა.
„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში მე გეგმა ვერ დავინახე, იქ დამაკლდა მოქმედების ნაბიჯები. ერთობა რომ საჭიროა, ეგ სწორია, სულ ამას ვამბობ.
სალომე ზურაბიშვილთან ძალიან მინდა შეხვედრა და მასთან ლაპარაკი. სალომე ზურაბიშვილს სწორი პოზიცია აქვს, მაგრამ გეგმასა და ნაბიჯებს ვერ ვხედავ მე, ერთობას როგორ მივაღწიოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას, ელისაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებთან ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას კომპრომისს სთავაზობდა და პარტიებს ორი სხვადასხვა გეგმაც გააცნეს.
„მარტივ კითხვას ვსვამთ დანარჩენ ოპოზიციასთან, როგორ ვამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ ბოიკოტით? 4 ოქტომბრამდე რას ვაკეთებთ და 5 ოქტომბერს დილით რომ ვიღვიძებთ, რას ვაკეთებთ? ჩვენ კომპრომისული ვერსიებით მივდიოდით, ვამბობდით, რომ თქვენ გინდათ ბოიკოტი, ჩვენ გვინდა არჩევნები, მაშინ ვიფიქროთ კომპრომისებზე. მეორე დღეს მივედით შეხვედრაზე და ასეთი კომპრომისი ვუთხარით – 64 მუნიციპალიტეტია საქართველოში, 63-ში გამოვაცხადოთ ბოიკოტი და ვიბრძოლოთ თბილისში ან მეორე ვერსია, რომელიც მე უფრო მომწონს – ბოიკოტი მთელ საქართველოში, მაგრამ ექვს დიდ ქალაქში, სადაც ოპოზიცია ყოჩაღად არის, გავმართოთ ბრძოლა იმიტომ, რომ ამ ძალების დივერსიფიცირებას მართლა მოვახდენთ. იქიდან მოვისმინეთ მარტო ფეხების ბაკუნი, შიმშილობა და ან ბოიკოტი ან არაფერიო.
ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვეუბნებით იმ ხალხს, ვინც ილანძღება და იფურთხება – მართლა გულით გვინდა, რომ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ ბოიკოტში ვხედავთ უმოქმედობას. ჩვენ ვამბობთ, რომ წაგებულ ბრძოლაში შევიდეთ, არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ რამეს მოვიგებთ, მაგრამ შეგვიძლია, რომ ძალიან ავადუღოთ პროცესი“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, აპირებს თუ არა „ძლიერი საქართველო“ გიორგი გახარიას პარტიასთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობას, ელისაშვილმა უპასუხა, რომ თანამშრომლობასა და პოზიციების მაქსიმალურად შეჯერებას ინტენსიურად განიხილავენ.
„არ ვაკრიტიკებ გიორგი გახარიას იმის გამო, რომ ის უცხოეთში წავიდა. ეს იყო პრაგმატული და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ვნახეთ თავაწეულად შესული და დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერები და კიდევ ერთი ლიდერით მეტი ან ნაკლები სურათს არ შეცვლიდა. ძალიან კარგი არის, რომ იქ არის, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს საერთო ბრძოლისთვის, მით უმეტეს, გახარიას პარტია გახარიაზე მეტისმეტად დამოკიდებულია და მისი ლიდერის დაჭერა მისი პარტიის აბსოლუტურ პარალიზებას მოახდენდა. გახარია ჯობია იყოს გარეთ, უცხოეთში და ის საერთო საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
