ალეკო ელისაშვილი – ოთხი დღე დარჩა გამარჯვებამდე – საქართველოს ბედი წყდება

ოთხი დღე დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე და ძალიან მეამაყება ის ამბავი, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში და ხელისუფლების ცვლილებაში ჩვენი კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” საარჩევნო ნომრით 9, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ერთი რამ მინდა ვთქვა, ვუთხრა ყველას, ვინც თვალ-ყურს გვადევნებს, რომ სინამდვილეში საქართველოს ბედი წყდება , – ამის შესახებ განცხადება ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, “ძლიერი საქართველოს” გეგმის განხილვისას გააკეთა.
ელისაშვილის თქმით, ,,ქართულ ოცნებას” „აღვირახსნილი კამპანია” აქვს თავისი მედიასაშუალებების და მთელი მთავრობის მეშვეობით, რომ ევროპა არის რაღაც უცხო სამყარო და იქ საშინელებები ხდება.
“ევროკავშირში ჩვენი შესვლა იქნება ჩვენი წინაპრების თავგანწირვის და სისხლისღვრის დაფასება, რომ ისინი ამაოდ არ იბრძოდნენ და ამაოდ არ იხოცებოდნენ. მათ უნდოდათ, რომ ჩვენ გვქონოდა ქართული სახელმწიფო და ვყოფილიყავით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
ევროკავშირი, რომელიც სულ ფეხს ითრევდა, ახლა კარს გვიხსნის და გვეპატიჟება, რომ ვიყოთ მათი თანასწორი და თანაბარუფლებიანი წევრი, ეს შანსი არ უნდა გავუშვათ, რადგან ვერცერთი ჩვენგანი თავს ვერ ვაპატიებთ, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო გამოგვეგლიჯა ამ გარუსებული ხელისუფლებისთვის და წაგვეყვანა გამდიდრებისკენ, სიმშვიდისკენ, ევროკავშირისკენ, საითკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფოდით. ისტორიას გავიხსენებ, ყველაზე სახელოვან ბრძოლაში, დიდგორის ბრძოლაში მოწინავე არდში ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ ევროპელი ჯვაროსნები. ამის საპასუხოდ დიდი გამარჯვების შემდეგ დავით აღმაშენებელმა უზარმაზარი ჯვარი შესწირა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. არაჩვეულებრივმა მხატვარმა, ბექა ჭიჭინაძემ ილუსტრაციასაც კი მიაგნო, როგორ შეაქვთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის მიერ შეწირული ეს ჯვარი.
სულ გვქონდა ეს ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მოვლენებმა, ოტომანთა იმპერიის გაძლიერებამ, შავი ზღვის ჩაკეტვამ, კონსტანტინოპოლის დაცემამ დაგვაშორა. დღეს კი ისევ გვეძახიან და ეს არის შანსი, რომ პენსიონერს სიბერის არ ეშინოდეს, ახალგაზრდას არ ეშინოდეს, რომ წესიერ განათლებას ვერ მიიღებს, განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახის შვილებს. უამრავი შესაძლებლობა, გამდიდრების, სიმშვიდის, განათლების, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მე მჯერა რომ არც გავუშვებთ. ოთხ დღეში ქართველი ერი თავის სიტყვას იტყვის, მჯერა, მიუხედავად ევროპის დემონიზირებისა, ათასი სისაძაგლისა, ჩვენ მაინც გავაკეთებთ სწორ არჩევანს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.
,,ქართულ ოცნებას” აღვირახსნილი კამპანია აქვს თავისი მედია საშუალებების და მთელი მთავრობის მეშვეობით, რომ ევროპა არის რაღაცა უცხო სამყარო, რომ იქ შემზარავი რაღაცები ხდება, არასდროს არაფერი გვაკავშირებდა ევროპასთან და რომ ევროკავშირში შესვლით მართლმადიდებლობასა და ქართველობას წაგვართმევენ.
მოდით, გავიხსენოთ, სად არის ყველაზე დიდი ქართული სიწმინდეები, თუნდაც მართლმადიდებლური. იერუსალიმის შემდეგ ყველაზე დიდი ქართული სიწმინდე საქართველოს ფარგლებს მიღმა არის საბერძნეთში, ათონის მთაზე, სადაც უდიდესი ქართველი საზოგადოებრივი და სამეცნიერო ცხოვრება დუღდა. ბულგარეთში ყველაზე დიდი ქართული, მართლმადიდებლური სასულიერო სივრცე, ბულგარელებისთვის დღემდე სავანე და ტურისტულად ყველზე მიმზიდველი პეტრიწონის მონასტერი, ქართულად დაიწერა ტიპიკონი, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ბერები მონაწილეობდნენ, უფრო მეტიც, ტიპიკონში ეწერა, რომ ქართველი ბერებისთვის აშენდა ეს სავანე და აქ მხოლოდ ქართველი ბერები უნდა მოღვაწეობდნენო. რუმინეთში თვითონ იმ ქართველი მწიგნობრის და საეკლესიო მოღვაწის სახელია უზარმაზარი სიწმინდე, ანთიმოზ ივერიელის, რომელიც იყო, რუმინელების სულიერი ლიდერი იყო, მათი პატრიარქი, მათი ეროვნული მოძრაობის გამომღვიძებელი. კვიპროსზე ახლაც მიდის არქეოლოგიური გათხრები ერთ-ერთი უძველესი ქართული მონასტრისა. შესაბამისად, მართლმადიდებლობას წაგვართმევენ კი არა, იქ ჩვენი დიდი სულიერი სავანეებია და იქ მივდივართ, რისგანაც მოგვგლიჯეს და გაგვხლიჩეს. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ოთხ დღეში სწორ არჩევანსაც გავაკეთებთ და ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი რაც იყო და არის, ევროპა და ევროკავშირი, იქ აუცილებლად დავბრუნდებით” , – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
,,ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით კოალიციის გეგმაზე ისაუბრეს. როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ევროპასთან ურთიერთობა უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ ევროპასთან სიახლოვე ,,ქართველობას წაგვართმევს”, სინამდვილეში კი ქართული სულიერი სიწმინდე ევროპის არაერთ ქვეყანაშია და საქართველო სწორედ იქ მიდის, სადაც მისი ადგილია.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ოთხ დღეში ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.