ვფიქრობ, 29-ში არანაირი დაპირისპირება არ მოხდება – ვინც იქ მიდის, ყველა ნახირივით მიჰყავთ, უთხრეს, რომ აბა, წავიდეთო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საყოველთაო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების ფონზე, მას არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარეობის იმედი აქვს.
„ვფიქრობ, 29-ში არანაირი დაპირისპირება არ მოხდება. აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას ცდილობენ, რადგან ამ ჩვენი ერთსა და იმავეს ლაპარაკით ყელში ამოვუვედით. მე მხოლოდ ახალგაზრდების კი არ მჯერა, მჯერა ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარეობის. ეს არის ჩვენი გენეტიკა და ასე გადავრჩით.
მთავრობა რომ მიტინგს მართავს, გამაგებინეთ ეს რა არის? ვის უმართავენ აქციას? ვინც ამ აქციაზე მოდის, თავის თავში ძალა უნდა იპოვოს. კარგია ხელფასი და თანამდებობა, მაგრამ საქართველოა უმთავრესი. ახლაა საქართველოს სიყვარულის დამტკიცების დრო. ხალხი, ვინც „ოცნების“ აქციაზე მივა, ძალიან დემოტივირებული ხალხია. ვინც იქ მიდის, ყველა ნახირივით მიჰყავთ. უთხრეს, რომ აბა, წავიდეთო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები საერთოდ არ ჰყავს, მაგრამ თვითონაც ხომ იციან, რომ მასწავლებლებს ურეკავენ და სიებს ადგენენ. ეს სამარცხვინო მარშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გარდა ამისა, მან ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ორი დიდი ამოცანა აქვს – არსებული ხელისუფლების შეცვლა და მყარი წონასწორობის მექანიზმის შექმნა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ოპოზიციამ ისეთი ინსტიტუციური წონასწორობის მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ ვერცერთმა პარტიამ უზურპაცია ვერ მოახერხოს. იმას, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, მხოლოდ ყეყეჩები ამბობენ. ტრანსპორტით თუ მგზავრობ, უკვე პოლიტიკაა. სააკაშვილი რასაც ლაპარაკობს, ზოგჯერ აბდაუბდას იძახის, მაგრამ სულისკვეთება სწორია. ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ხელისუფლებას შევცვლით და ასეც იქნება, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაითრიოს. „ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ ძალოვან სტრუქტურას არ უნდა გაეკაროს, ცდუნების შესაძლებლობა არცერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიდეთ. ორი დიდი ამოცანა გვაქვს – ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ და მყარი წონასწორობის მექანიზმი უნდა შევქმნათ იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმოგვიდგენია სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული იდეები და ა.შ.
ოპოზიცია ამაზე მუშაობს. ეს ამბავი ჭრიალით, მაგრამ მიდის, ბევრი რაღაც დასახვეწია, თუმცა მზაობა არსებობს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.