„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერს, კახა კალაძეს ამ დრომდე არ შეუსრულებია მის მიერ გაცემული დაპირება, რომელიც სამგორის მეტროდან ლილოს ბაზრობამდე, ასევე ლილოს ბაზრობიდან ქალაქ რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობას ითვალისწინებდა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქს „მექრთამე და გადამგდები ხალხი მართავს, რაც 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა დასრულდეს“.
„თბილისის ისტორიაში ყველზე მექრთამე და ყველაზე მატყუარა მერის, კალაძის კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებას და გამაოგნებელ აფიორას შეგახსენებთ. ჩვენ ახლა ლილოში ვართ, ჩვენს ზურგს უკან არის ლილოს ბაზრობა. მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ ბატონმა კალაძემ დიდი პრეზენტაცია მოაწყო, გადაიღო უზარმაზარი კლიპი და ჰქონდა დიდი ბაქი-ბუქი ატეხილი, რომ 2019 წლიდან დაიწყებოდა მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორის მეტროდან ლილოს ბაზრობამდე. მეორე ეტაპზე, უკვე 2021 წელს აშენდებოდა და დასრულდებოდა ლილოს ბაზრობიდან მეორე ხაზი ქალაქ რუსთავამდე. რუსთაველებსაც თბილისში ჩამოსვლის და გადაადგილების პრობლემა მოუგვარდებოდათ. 2021 წელს უნდა დამთავრებულიყო ეს პროექტი. მიწისზედა მეტროს 8 სადგური უნდა ამოქმედებულიყო. ახლა 2025 წლის ივლისია, 4 წლის განმავლობაში ეს პროექტი უკვე ამოქმედებული უნდა იყოს, მაგრამ მოვიდეს ნებისმიერი და 8 სადგურიო კი არა, ნახევარი სადგური გვაჩვენეთ, სადმე თუ არის გაკეთებული, ერთი ბარი არ დაურტყამთ, ორი აგური ერთმანეთზე არ დაუდიათ ამ პროექტის გამო. ბევრი ასეთი მოუტყუებია ჩვენთვის და თითქოს არაფერი, მაგრამ ეს აფიორა დაგვიჯდა 12 მილიონი ლარი. გამოაცხადეს ტენდერები, გამოაცხადეს კვლევები და როგორც გითხარით, საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა,ის ფული შეჭამეს. აი, ასეთი მექრთამე და გადამგდები ხალხი მართავს ამ ქალაქს და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე“,-განაცხადა ელისაშვილმა.
