ალეკო ელისაშვილი – თბილისის მერი კუპრაძე რომ გახდება, მორალურად როგორ დაიფშვნებიან „ქართულ ოცნებაში“, წარმოიდგინეთ – მარტივი არჩევანია, ან ვირჩევთ შეჩვეულ ჭირს ან ახალგაზრდა, წესიერ, ენერგიულ კაცს

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, 4 ოქტომბერს ხელისუფლების მყისიერი შეცვლის მოლოდინის შექმნას უპასუხისმგებლო ქმედებად მიიჩნევს.
ელისაშვილის შეფასებით, ასეთი მოლოდინის შექმნა არ არის პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი, რადგან რეალურ პოლიტიკურ პროცესს სჭირდება ხანგრძლივი, სისტემური ბრძოლა და „არა ჯადოსნური გადაწყვეტების მოლოდინი“.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მას არ აქვს იმის მოლოდინიც, რომ რუსთაველზე ბევრი ხალხის გამოსვლით ხელისუფლება გაიქცევა.
„არ მჯერა, რომ 4-ში, სანამ არჩევნებს მოვრჩებით, საღამოს 8 საათზე ხელისუფლება შეიცვლება. არ მჯერა, რა ვქნა. არ მიმაჩნია პასუხისმგებლობიან მოქმედებად ის, რომ ასეთი მოლოდინი შექმნა. ასეთ მოლოდინს რომ ქმნი და ისე წარმოაჩენ, თითქოს ჯადოსნური ჯოხი გაქვს, რომელსაც რუსთაველზე მოიქნევ და გაქრება , მდინარაძე და დანარჩენი. არ მჯერა ხალხს რუსთაველზე დაინახავენ და გაიქცევიან“,- განაცხადა ელისაშვილმა.
კითხვაზე, რისი მოლოდინი აქვთ, რატომ მიდიან დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე, ელისაშვილი პასუხობს, რომ ცვლილებისთვის სხვა, უფრო ეფექტური მოქმედებაა საჭირო.
„ამაში ბრძოლის გზას ვხედავთ. გავალ რუსთაველზე და რა? ისედაც დავდივარ რუსთაველზე და არ გარბიან ჯერ. რაღაც სხვაგვარად არის გასაკეთებელი. ბევრი ხალხის დანახვაზე, საკუთარ პოზიციას იცვლის ნამუსიანი მთავრობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა ის განცხადება განმარტა, სადაც განაცხადა, რომ „თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ „ბაირამ-დუდუკში“. გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა. წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.
ელისაშვილის განმარტებით, გაფიცვა კონსტიტუციური უფლებაა და თუ ირაკლი კუპრაძე თბილისის მერი გახდება, ოპოზიცია ამ შესაძლებლობებს გამოიყენებს „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად და ქვეყნის „მოღალატეებისგან“ გასათავისუფლებლად.
„გაფიცვა ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. რა არის ამაში წარმოუდგენელი. კუპრაძე მერი რომ გახდება, ამ ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დავანგრიოთ და დავამარცხოთ. სინამდვილეში, ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გამოხსნა ამ მოღალატეებისგან.
თბილისის მერი კუპრაძე რომ გახდება და ოპოზიციონერი რომ გახდება მერი, მორალურად როგორ დაიფშვნებიან „ქართულ ოცნებაში“, წარმოიდგინეთ. მინდა ყველას ვკითხო, ვინც ჩვენდამი კრიტიკულად არის განწყობილი – რა ჯობია ისევ კალაძეს უყურებდეთ 4 წელი თუ კუპრაძე იყოს თბილისის მერი. ძალიან მარტივი არჩევანია. ან ვირჩევთ შეჩვეულ ჭირს ან ახალგაზრდა, წესიერ ,ენერგიულ კაცს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა „ძლიერი საქართველოს“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პარტია მზად იყო კომპრომისისთვის და ერთობლივ მონაწილეობას სთავაზობდა სხვა ძალებს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა ბოიკოტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა და პროცესი შეწყდა.
კითხვაზე, ოპოზიციის ნაწილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიით გაიგეს „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობა, ელისაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის სიმართლე და ყველამ ყველაფერი მანამდე იცოდა.
„არა, არ არის ეს სიმართლე. ყველამ იცოდა რასაც ვაპირებდით. რატომ ვართ მართლები იმიტომ, რომ იმ შეხვედრაზე ვთქვით: კარგი, თქვენ არ ცვლით პოზიციას, მოდით, ვიფიქროთ მომდევნო შეხვედრისთვის კომპრომისებზე. კარგი, თქვენ გაჯიქებული ხართ თქვენ პოზიციებში – ჩვენ ჩვენში. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ თუ არჩევნებში შევდივართ, ერთად უნდა შევიდეთ. მომდევნო შეხვედრაზე მივედით და ჩვენ მივიტანეთ ასეთი კომპრომისული წინადადება. ირაკლი კუპრაძის წინადადება იყო ასეთი: ბოიკოტი მთელ საქართველოში, 63 მუნიციპალიტეტიდან ყველაში და ბრძოლა მარტო თბილისში. პასუხი იყო: „არა, არანაირი კომპრომისი არ გვაინტერესებს ან ბოიკოტი ან არაფერი“. დავიშალეთ ისე, როგორც დავიშალეთ. ამას მოჰყვა შიმშილობა – გინდა თუ არა ან ბოიკოტი ან არაფერი“,- განაცხადა ელისაშვილმა.