ალეკო ელისაშვილი – ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი – აღტაცებული ვარ მანდატურით, ვენაცვალე კაცობაში, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი, ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
ელისაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაწვის გადაწყვეტილება და როგორც აღნიშნა, ვეღარ უძლებს იმ უსამართლობის ყურებას, რაც სასამართლოში ხდება.
მისივე თქმით, „ფაქტს ადასტურებს, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“.
“ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი. მაქვს ტარების უფლება. წამოვიღე იმიტომ, რომ მე ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში, პირდაპირ ვამბობ ამას.
აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის საქციელით, პატარა ჩია კაცი იყო, ერთი ბოთლი ბენზინი მქონდა დასხმული, ვენაცვალე კაცობაში, ყოჩაღ, თავისი საქმე გააკეთა, მოვერიე კიდეც… მინდოდა თავი დამეღწია, ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ჯერ კაცი ვარ, ქართველი და მერე ვარ ტერორისტი!
მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ვეღარ ვუძლებდი ამ უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით მანდატურები, მე თვითონ ვნახე ერთი პოლიციელი, როგორ სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა…
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არასდროს შემიღწევია არავის შენობაში, ერთი საათი ვამტვრევდი შუშებს, დავიტანჯე, ერთი საათი დავაკვდი, ოპერატიულად რომ მემოქმედა, აუცილებლად მივაღწევდი მიზანს. ღობესთან ვიჯექი მიყუდებული, მშენებლობის ღობიდან გადავძვერი, ვფიქრობდი გადავიდე, არ გადავიდე-მეთქი, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს-მეთქი. შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, არ შევეგუები არასდროს, რაც ხდება.
ტანსაცმლის შიგნით მქონდა „დაუტენავი“ იარაღი, ვინმეზე თავდასხმა რომ მდომებოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. მანდატურის მოგერიება მინდოდა, იარაღი იმ ჯაჯგურში ამომივარდა, მიუხედავად იმისა, რომ გასაკვირია, იმ მანდატურს პატივისცემას ვუდასტურებ, ნეტავ, ასე თავის საქმეს იცავდეს ყველა და არ აკეთებდნენ იმას, რასაც ვხედავთ დარბაზში. ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა [ტირილს ვერ იკავებს]… მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ…
მოკლედ, ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!