ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლოში ელისაშვილის გუნდის წევრები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.
ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორმა ანა მეტრეველმა შუამდგომლობაში განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. თუმცა, ბრალდების მხარის განმარტებით, საფრთხეები მაღალი ხარისხის აღარაა და პატიმრობა ნაკლებად საჭიროებს ძალაში დატოვებას.
ადვოკატები გიორგი რეხვიაშვილი და ვახტანგ კვიჟინაძე გირაოს შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, ვინაიდან მათი თქმით, ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.
დაცვის მხარის თქმით, ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. რეხვიაშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ალეკო ელისაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ადვოკატის თქმით, დანაშაული ალი ბაბაევმა ჩაიდინა და დაზარალებული თავად ელისაშვილია.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.