ალეკო ელისაშვილი ბაჩიაშვილზე თავდასხმაზე – მოვითხოვთ, დატოვოს თანამდებობა გლდანის ციხის ჯალათმა ხელმძღვანელმა, გაასაჯაროონ კადრები, პირობას ვდებთ, ყველა პასუხს აგებს – საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვთ, ჰქონდეთ მძაფრი რეაქცია

მოვითხოვთ, დატოვოს თანამდებობა გლდანის ციხის ჯალათმა ხელმძღვანელმა, გაასაჯაროონ კადრები. ასევე, პირობას ვდებთ, რომ როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ამ ინციდენტის გამო ყველა პასუხს აგებს , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ საპატიმროში განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
ელისშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილზე „თავდასხმის, ძალადობის და წამების ორგანიზატორი იყო გლდანის ციხის დირექტორი, ჯალათი გოგიბერიშვილი“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ე.წ. ხელისუფლების მე-14 წელს, ღია, დაუფარავ ძალადობაზე გადავიდა მსჯავრდებულებისა და პატიმრების წინააღმდეგ.
„ყველამ შევიტყვეთ, რაც მოხდა. გლდანის საპატიმროში, ამ სახელგატეხილ, ამაზრზენ საპატიმროში, რომელმაც გადაიყოლა წინა ხელისუფლება, კარგად ვიცით, წინა ხელისუფლების დროს მიმდინარეობდა წამება, ადამიანების, მსჯავრდებულების, პატიმრების. ესენიც თავისი ე.წ. ხელისუფლების მე-14 წელს, უკვე ღია, დაუფარავ ძალადობაზე გადავიდნენ მსჯავრდებულებისა და პატიმრების წინააღმდეგ. ჩვენ შევიტყვეთ, რომ ამ თავდასხმის, ძალადობის და წამების ორგანიზატორი იყო გლდანის ციხის დირექტორი, ჯალათი გოგიბერიშვილი. ეს არ არის პირველი ინციდენტი, მაისში ერთი მსჯავრდებული შემოაკვდათ გლდანის ციხეში და გარდაიცვალა. ვხედავთ, რომ ეს უკვე სისტემური ხასიათის დანაშაულია. არის უკვე მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა მსჯავრდებულების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ ჯალათმა, გლდანის ციხის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს. ასევე, კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ და მოძალადე ხელისუფლებამ გაასაჯაროოს თავდასხმის კადრები. ბაჩიაშვილის გაყვანის, მასზე ზეწოლის, მასზე ფიზიკური ზეწოლისა და ცემის, წამების. არ დაიწყონ ბოდიალი, რომ ვითომ კამერები უცბად ყველგან გაითიშა. ამით არავინ მოტყუვდება. დატოვოს თანამდებობა გლდანის ციხის ჯალათმა ხელმძღვანელმა, გაასაჯაროონ კადრები და ასევე, პირობას ვდებთ, რომ როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ყველა, დამკვეთიანად, ორგანიზატორიანად პასუხს აგებს ამ ამაზრზენი ინციდენტის გამო. გვსურს ჩვენს საერთაშორის პარტნიორებს, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ საელჩოებს, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს ვთხოვოთ, რომ ეს ფაქტი, მსჯავრდებულის, პატიმრის ციხეში გამომწყვდეული ადამიანის წინააღმდეგ, არ დატოვონ უყურადღებოდ. ამაზე ჰქონდეთ, მაქსიმალურად მძაფრი რეაქცია. ჩვენ გვსურს მხნეობა ვუსურვოთ ამ გამბედავ და შეუპოვარ ადამიანს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც გაუტეხელია ამ თავდასხმის მიუხედავად და რომელიც მტკიცედ დგას და იბრძვის“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.