ალეკო ელისაშვილი – ბაბაევის ირანელი მოწმე ამტკიცებს, პოლიტიკური ნიშნით აგინებდა ელისაშვილიო, ოღონდ ქართული არ იცის, რა იცოდა, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი თუ გეოპოლიტიკური? – ბაბაევია დასაჭერი, იმხელა რკინას მირტყამდა თავში

ძალიან ანეკდოტური ვითარება იყო, პროკურატურას დაემხო თავზე ყველაფერი, თვითონ მოიყვანეს მოწმეები, რომლებმაც თქვეს, რომ ალი ბაბაევი მისდევდა ელისაშვილსო, ოღონდ ის ალი ბაბაევი რომ იყო, კაციშვილმა არ იცოდა, – ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულმა, „ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, დასაჭერი თავად ალი ბაბაევია, ვინაიდან „რკინის ჯოხით ელისაშვილს ის მისდევდა“.
„იმდენად უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში იყვნენ პროკურორები, ჩვენ გვსაყვედურობდნენ, კითხვებს რატომ არ უსვამთო, რა კითხვა უნდა გვქონოდა, ერთი მოწმე ამბობდა არაფერი დაგვინახავსო, მეორე მოწმე ამბობდა, არანაირი ჩხუბი არ დამინახავს, ბაბაევმა რკინის ჯოხი წამართვა და მისდევდა, უნდა ჩაერტყაო. ეს აბსურდია, ამ სიცილის და ანეკდოტურობის მიღმა შეჯიბრებითობის პრინციპი და სიმართლის დამტკიცება ხომ არ არის, რასაც ეტყვიან მოსამართლეს, ყურმოჭრილი ყმასავით შეასრულებს. აშკარად, სწრაფად ჩემი დაჭერა არ უნდათ და ასე ნელ-ნელა, ტაატით, ზლაზვნით მიჭერენ, ივნისში ჩამინიშნეს პროცესში. სხდომას დაესწარით, ალი ბაბაევს და მის ირანელ მოწმეს მოუსმინეთ, რომელიც ამტკიცებს, პოლიტიკური ნიშნით აგინებდა ელისაშვილი ბაბაევსო, ოღონდ ქართული არ იცის. რა იცოდა, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებდი, თუ გეოპოლიტიკური? თავიდან ბოლომდე აბსურდია ეს საქმე, პირიქით, იქით არის დასაჭერი ალი ბაბაევი, იმხელა რკინას მირტყამდა თავში”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.