„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სამხარაულის დასკვნის წარდგენას აპირებს, თითქოს „აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
როგორც ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სამხარაულის დასკვნა ეყრდნობა მანამდე არსებულ სამედიცინო დასკვნას, რადგან რეალურად, ალი ბაბაევს ახალი გამოკვლევა არ ჩაუტარებია.
„პროკურატურის მიერ მოყვანილმა მოწმემ თქვა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის უდანაშაულო და მსხვერპლი აღნიშნულ შემთხვევაში. შეიძლება მოწმე იყო ის პირი, ფანჯრების მწმენდავი, რომელიც ჯოხის გამოყენებით ეცადა ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენებას და იმ ჯოხის თავში მორტყმას ცდილობდა. შეიძლება არ მოეწონოთ ის ჩვენება, რომელიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. შესაძლებელია, ამ საქმის თავიდან დაწყებას ცდილობენ, რომ უკვე მერე „დაამუშაონ“ ეს მოწმეები და ისეთი ჩვენებები მისცენ, რომელიც მათთვის არის უკეთესი. ვხედავთ, რომ დღეს აპირებენ სამხარაულის დასკვნის წარმოდგენას, ვითომ ალი ბაბაევს მძიმე დაზიანებები აქვს. იმ ფონზე, როდესაც სამხარაულის დასკვნა ეყრდნობა მანამდე არსებულ სამედიცინო დასკვნას და ხდება მისი cope-paste-დან გადაწერა. რეალურად, ახალი გამოკვლევა მას არ ჩაუტარებია და არ ვიცი, რა მიზანი აქვს პროკურატურას ამ ახალი მტკიცებულებების წარმოსადგენად“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
