ალბანეთმა EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.
როგორც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ალბანეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი ბლოკი გაიხსნა.
ვარჰეის თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირისთვის და ასევე მისი ლიდერებისთვის, გაფართოება სამ მთავარ პრიორიტეტს შორისაა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას ვზეიმობთ, რადგან – და ეს შეიძლება ძალიან ტექნიკურად ჟღერდეს ბრიუსელში – ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებების პირველი ბლოკი.
ეს ნიშნავს, რომ გზა უკვე გახსნილია არსებითი მოლაპარაკებებისთვის, ანუ ჩვენ ახლა მოვილაპარაკებთ პირობებზე, რომლითაც ალბანეთი გახდება ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს ხდება დღეს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი — გაწევრიანების მოლაპარაკებები — არის ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი, რაც მოიცავს ქვეყნის ე. წ. სკრინინგს და მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული და ფარავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, მედია, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, დასაქმება და სხვა.
ევროკავშირის გაფართოების გაჭიანურებული დღის წესრიგი ბოლო ორი ათწლეულია დასავლეთ ბალკანეთით შემოიფარგლება. (1999 წლიდან კანდიდატია ასევე თურქეთი, თუმცა დემოკრატიის უკუსვლის გამო ანკარასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული). 2022 წლიდან კი, ში შეჭრით ნაკარნახევი გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროკავშირმა კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ლისაბონიდან თბილისამდე გაფართოების ინტერესი დაიბრუნა.
ევროპულმა საბჭომ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი 2020 წლის მარტში დაუჭირა. 2022 წლის ივლისში კი გაიმართა მთავრობათაშორისი კონფერენცია ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ და კომისიამ სკრინინგის პროცესი დაიწყო.
რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, 2022 წლის ივლისში გაიმართა მთავრობათაშორისი კონფერენცია გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ. კომისიამ დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. 2023 წლის ივლისში, ევროკომისიამ საბჭოს წარუდგინა სკრინინგის ანგარიში პირველი ბლოკის საფუძვლებზე, მათ შორის კრიტერიუმებზე ამ ბლოკის გასახსნელად და გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო ტრიოს ჯგუფში (უკრაინა-მოლდოვა-საქართველო) ერთი ნაბიჯით ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებთანაც გაწევრიანების მოლაპარაკებები 2024 წლის ივნისში გაიხსნა. ამჟამად რუსული კანონის მიღებისა და სხვა ნაბიჯების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად