ალბანეთი მიგრანტებს იტალიიდან მიიღებს, სხვა ქვეყნებიდან – არა

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ტირანამ უარყო ევროკავშირის ქვეყნების არაერთი თხოვნა ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრანტების განთავსების შესახებ და გამონაკლისი მხოლოდ იტალიის მიმართ დაუშვა, რომლის წინაშეც ისტორიულ მოვალეობას გრძნობს. იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი 16 მიგრანტისგან შემდგარ პირველ ჯგუფს ალბანეთში ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს ჩაიყვანს.
ლუქსემბურგში ყოფნისას, რამამ ასევე დაადასტურა, რომ ალბანეთში განთავსებული დევნილთა ცენტრების მართვის უფლება არცერთ სხვა ქვეყანას არ ექნება. თუმცა, მან არ დააკონკრეტა ევროკავშირის რომელმა ქვეყნებმა სთხოვეს მას მიგრანტების მიღება. რამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალბანეთი იტალიის მადლიერია ათიათასობით ალბანელის შეფარებისთვის, რომლებმაც 1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, მეზობელ ქვეყანას მიაშურეს, აგრეთვე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც რომმა ტირანას 1997 წლის ეკონომიკური კატაკლიზმების დროს და 2019 წლის მიწისძვრის შემდეგ გაუწია.
გასული წლის ნოემბერში, რამასა და იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მიერ ხელმოწერილი ხუთწლიანი შეთანხმების თანახმად, იტალიის სანაპირო დაცვის მიერ საერთაშორისო წყლებში დაკავებული 3 000-მდე მიგრანტი ალბანეთში აგებულ დევნილთა ორ ცენტრში განთავსდება, რომლებიც გასულ კვირას გაიხსნა. მომავალში, იტალია თავის ტერიტორიაზე მყოფ მიგრანტებს ამ ცენტრებში გაგზავნის. ისინი, თავშესაფრის მიღების შესახებ ვისი განაცხადიც არ დაკმაყოფილდება, ალბანეთიდან პირდაპირ წარმოშობის ქვეყნებში იქნებიან დეპორტირებულნი. ამ ოპერაციაზე პასუხისმგებელი იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ჯორჯია მელონიმ სამშაბათს განაცხადა, რომ იტალია მაგალითს აძლევს დანარჩენ ევროპას. ამავე დროს, მან უარყო მიგრანტების მიმართ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ გამოთქმული შეშფოთება. „ეს არის ახალი, თამამი და უპრეცედენტო გზა, რომელიც შესანიშნავად ასახავს ევროპულ სულისკვეთებას. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მას ევროკავშირის არაწევრი სხვა ქვეყნებიც მიჰყვნენ“, – ციტირებს „როიტერი“იტალიის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებას.
ბოლო 12 წლის განმავლობაში, იტალიაში, საზღვაო გზით, მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მათი დიდი უმრავლესობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილ მიმღებ ცენტრებს სწრაფად ტოვებს და სამუშაოს თავად იტალიაში ეძებს, უფრო ხშირად კი ევროპის მდიდარი რეგიონებისკენ მიემართება. წელს, 2023 წელთან შედარებით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტების რაოდენობა 61%-ით შემცირდა: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, იტალიაში 52 425 მიგრანტი ჩავიდა.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც მიგრაციის ტალღა მძიმე ტვირთად აწვება, დიდი ბრიტანეთია. წინა კონსერვატიული მთავრობა ცდილობდა, მოლაპარაკებოდა რუანდას, სადაც მიგრანტების ნაწილის გადაყვანა სურდა. თუმცა, ამჟამინდელმა ლეიბორისტულმა მთავრობამ ამ გეგმაზე უარი თქვა. მას სურს, აქცენტი საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მიგრანტების კონტრაბანდული გზით შეყვანის მარშრუტის ბლოკირებაზე გადაიტანოს.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ლა-მანშის სრუტის გავლით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ნავებით 22 000 მიგრანტი ჩავიდა. ეს რიცხვი შარშანდელ მაჩვენებელს უტოლდება, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლებია 2022 წელთან შედარებით, როდესაც გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მიგრანტების რეკორდული რაოდენობა – 45 000 ლტოლვილი შევიდა.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მიგრაციით მძიმედ დაზარალდა, არის გერმანია. ევროპაში მიგრაციის მძლავრი ტალღა, სრული ძალით, 2015 წელს სწორედ მას დაატყდა თავს. რამდენიმე თვის წინ, ს მთავრობამ გერმანიის საზღვარზე კონტროლი შემოიღო, რომელიც კანცლერის თქმით, „მაქსიმალურად დიდხანს“ გაგრძელდება.
ამ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები და წევრი ქვეყნების მეთაურები, სხვა თემებთან ერთად, მიგრაციის საკითხებზეც იმსჯელებენ.
წყარო: 1tv.ge