ალბანეთის მწვრთნელი: ორივე გუნდისთვის რთული და მძიმე თამაში იქნება

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან კიდევ ერთხელ ძალიან დადებითად ილაპარაკა საქართველოს ნაკრებზე, რომელიც შეაქო.

თუმცა, აღნიშნა, რომ მის გუნდს აუცილებლად 3 ქულა სჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გართულდება.

ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ორივე გუნდისთვის რთული და მძიმე თამაში იქნება.

„დიახ, ქოჩორაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ საქართველო ზოგადად, ძლიერი გუნდია, ტაქტიკურად ძალიან ძლიერი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ფიზიკურად, ტაქტიკურად ძლიერია, აქვთ ტექნიკური თვისებები და კონტრშეტევებზე შესანიშნავად თამაშობენ. ქოჩორაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი დანაკლისი მნიშვნელოვანია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვინც მას შეცვლის 100%-ით დაიხარჯება და ჩვენთვის არაფერი იცვლება.

ბევრი ენერგია დავხარჯეთ, რადგან ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ეს რთული ჯგუფია, ყველა თამი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ არ ვიცით შემადგენლობა, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა პრაღიდან თბილისამდე. გუშინ გვიან ღამით ჩამოვედით, ცოტა ხანში ვარჯიში გვაქვს, ფეხბურთელებს გავესაუბრები, ხვალ კიდევ დრო გვექნება შემადგენლობის გადასაწყვეტად. მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე აღელვების გარეშე გასვლა და კარგად თამაში შეუძლიათ, მათ სრულად ვენდობი, თუმცა არჩევანს ხვალ გავაკეთებ.

რეალობასთან, სინამდვილესთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხვალ გამარჯვება გვჭირდება, მაგრამ ეს ყველას სჭირდება. ნოემბერში ორი საშინაო მატჩი გვექნება, რაც უპირატესობაა, თუმცა, ახლა ნოემბერზე ფიქრის დრო არაა, ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ. ხვალ ქულები გვჭირდება, რადგან თუ ვერ მოვიპოვებთ, საბოლოო მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.

უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველას შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება. ტირანაში ფიზიკური, ტაქტიკური, დაძაბული თამაში იყო. ვილი სანიოლი ძალიან კარგად მუშაობს, გუნდი ძალიან კარგად ჰყავს დალაგებული. მთავარია, მოედანზე დავალებები სწორად შევასრულოთ, რაღაც განსხვავებულიც გავაკეთოთ. -საქართველოს მატჩი თანაბარი იყო, საქართველოს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია და როგორც ხდება მსგავს მატჩებში, ხშირად ერთი შეცდომა ან მომენტი გადამწყვეტი ხდება, ხვალაც შეიძლება ასე იყოს. შეცდომები თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ ამის გაკეთება რთულია“, – განაცხადა სილვინიომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს, თამაში 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ალბანეთს აქამდე 16-ჯერ შეხვედრია და დიდ უპირატესობას ფლობს – 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.