რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილე აპტი ალაუდინოვი თავდაცვის ხარჯების ზრდისა და ბირთვული ფარის გაფართოებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას აკომენტარებს და ამბობს, რომ რუსეთმა რამდენიმე მილიონიანი არმიის მობილიზაციაზე უნდა იფიქროს.
“ჩვენ კი ალბათ მაინც გვჭირდება, უფრო მეტად გვესმოდეს, რომ ვართ ხალხი, ვისაც დიადი ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია. თუ საჭიროა, გულწრფელად რომ ვთქვათ, საჭიროა უკვე ამაზე ფიქრი, რომ თუ დადგება საერთო მობილიზაციის ვითარება, ავიყვანოთ, მაგალითად, რამდენიმე მილიონიანი არმია და დავაყენოთ ყველანი ისინი ისეთ პოზაში, რომლიდანაც ისინი უკვე ვეღარასოდეს ვეღარ გამოვლენ. ვერასდროს”. – თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვი ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, ახალ “უფრო სერიოზულ” ეტაპზე გადავა, როდესაც მხარეები “ყველა ტიპის იარაღს” გამოიყენებენ. ახალ ეტაპზე საუბრისას ალაუდინოვი რუსეთსა და ევროპას შორის სრულმასშტაბიან დაპირისპირებას განიხილავს. ის ასევე ირწმუნება, რომ რუსეთის გამარჯვება და ევროპის მარცხი გარდაუვალია.
“ჯერ კიდევ გასულ წელს ვამბობდი ასეთ სიტყვებს, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს ომი 2024 წლის ბოლოს დასრულდებოდა. ასევე რამდენიმე ჩანაწერი მაქვს, რომლებშიც ვამბობ, რომ ან ეს ომი დასრულდება, ან სხვა სტადიაზე გადავა, უფრო სერიოზულზე, სავარაუდოდ, ყველა ტიპის იარაღის გამოყენებით.
ახლა ჩვენ დროის ისეთ პერიოდში ვიმყოფებით, რომ ან NATO-ს ბლოკი დაიშლება და ჩვენ უკვე საბოლოოდ დავამარცხებთ ევროპას, ან კიდევ ისინი შეჩერდებიან და შეწყვეტენ ბლეფს და უკვე ნებისმიერ პირობაზე წამოვლენ, ოღონდ ჩვენთან შერიგდნენ. ასეთ სიტუაციაში ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს შანსები, რომ გაერთიანებული ევროპა დავამარცხოთ. რატომ? იმიტომ, რომ მან უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. […]
ისინი ან მოკეტავენ, ან ნამდვილად დაკარგავენ იმასაც კი, რაც აქვთ. იმის შემდეგ კი, რაც მათ ჩვენთან დაპირისპირება მოუნდებათ, ევროპა და ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი, როგორც ასეთი, არსებობას შეწყვეტს, ხოლო NATO-ს ბლოკი დაიშლება, რადგან ამერიკას არ სჭირდება”. – ირწმუნება ალაუდინოვი.
ალაუდინოვი ვიდეოში ირწმუნება, რომ რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს, რადგან “რუსეთი გმირების ქვეყანაა”, ხოლო, მისი მტკიცებით, რუსეთის არმია “მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი არმია” არის.
“რუსეთი გმირების ქვეყანაა. ჩვენ მზად ვართ, ბალახი ვჭამოთ, გუბეები დავლიოთ, მაგრამ ბოლომდე ვივლით. რაც არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერ განლაგებაში ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ცალსახაა. […]
მთელი ჩვენი მინუსებით, მთელი ჩვენი პრობლემებით, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი არმია ვართ, რომელიც დღევანდელი პირობებით საომარი ქმედებების წარმოებისთვის უფრო მზად არის, ვიდრე ნებისმიერი ვინმე”. – ირწმუნება ალაუდინოვი.
5 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად იყოს გამოყენებული.
მომდევნო დღეს კი Politico-მ გაავრცელა ცნობა, რომ პოლონეთისა და დანიის ლიდერებმა მიანიშნეს მზადყოფნისკენ – განიხილონ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება ევროპის დაცვისთვის საფრანგეთის ბირთვული იარაღის, როგორც შემაკავებელ ზომად გამოყენების შესახებ.
წყარო: ტაბულა
