რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი დაესწრება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას „ინაუგურაციას“, რომელიც 2 აპრილსაა დაგეგმილი.
გაგლოევის პრესცენტრის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად სოხუმში ჩავლენ „საგანგებო სიტუაციების მინისტრი” იბრაგიმ გასეევი, „ცხინვალის ადმინისტრაციის” უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლაი გაგლოევი და „პრეზიდენტის“ თანაშემწე ალან პლიევი.
მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „საინაუგურაციო კომისიის“ თავმჯდომარე აბესალომ კვარჩიამ განაცხადა, რომ გაგლოევის გარდა, სოხუმში ჩავლენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ხელმძღვანელები, რუსეთის ელჩები „სამხრეთ ოსეთში“, ვენესუელაში, ნიკარაგუაში, სეპარატისტული დნესტრისპირეთის (მოლდოვა) წარმომადგენელი და ა.შ.
ბადრა გუნბამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერ ადგურ არძინბას მოუგო. „არჩევნებიდან“ მალევე, ის კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.
სერგეი კირიენკო ოკუპირებული აფხაზეთის ახალი კურატორია კრემლში. ის სოხუმში „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ ჩავიდა ბადრა გუნბას მხარდასაჭერად.
6 მარტს ალან გაგლოევი ვლადიკავკაზის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდო გულის შეტევით. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზი დაუსვეს. 11 მარტს ის საავადმყოფოდან გაწერეს. 17 მარტს მან ხანმოკლე შვებულება აიღო, 28 მარტამდე.
საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.
