ალავერდთან სასტუმროს მშენებლობით კანონი ირღვევა, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები

კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმამ, რომელიც 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ალავერდის ტერიტორიაზე სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგება და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
იურიდიული შეფასების მიხედვით, რომელიც მემკვიდრეობის პლატფორმის ინიციატივით ჩატარდა, ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა არღვევს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და 259-ე მუხლს (კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა). დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა ძეგლის აღქმა ან გამოყენება, შემცირდა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება ან დაზიანებისა და განადგურების საფრთხე შეექმნა.
ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსია, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის კი – 1000 მეტრის.
„გარდა იმისა, რომ ძეგლის დაცვის არეალი ირღვევა, აქ სამსახურებრივი გულგრილობაც არის. წელიწადია, რაც ეს ამბავი დაიწყო. მაშინვე მივმართეთ კულტურის სამინისტროს და არანაირი პასუხი არ მიგვიღია. საპატრიარქოსაც მივმართეთ, მაგრამ იქ ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი თავად დავით ალავერდელია. მას უშუალოდ ვერ ველაპარაკეთ, ხაზზე არ გამოდის, მაგრამ ფიქრობს, რომ ცუდს არაფერს აკეთებს“, – ამბობს მანანა თევზაძე, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელი.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი – ალავერდი – კახეთში, ალაზნის ველზე XI საუკუნეში ააგეს. ტაძრის გარშემო ვრცელი მინდვრები, უკან კი კავკასიონის მთებია. ალავერდი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად 40 მეტრს აღემატება. ალავერდს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული. უძრავი ძეგლებიდან ეს სტატუსი მხოლოდ რვა ძეგლს აქვს.
„ეროვნული კატეგორიის ძეგლი ყველაზე აღმატებულია, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ვიზუალური დამცავი რეჟიმი, არქეოლოგიური დამცავი რეჟიმი, ობიექტის დამცავი რეჟიმი… ბევრად მეტი რეჟიმები აქვს, ვიდრე სხვა კატეგორების ძეგლებს. ალავერდი იუნესკოს წინასწარ სიაშია, ამ მშენებლობის გამო კი შესაძლოა აღარც მოხვდეს იუნესკოს ნუსხაში“, – ამბობს ლალი პერტენავა, მემკვიდრეობის პლატფორმის კოორდინატორი.
ალავერდის ტაძართან სასტუმროს Alaverdi Resort -ის მშენებლობა კომპანია „ბადაგონმა“ თებერვალში დაიწყო და თითქმის დაასრულა. პროექტი ალავერდის ეპარქიასთან ერთად ხორციელდება. ალავერდის მიტროპოლიტმა დავითმა აკურთხა და სიტყვაც წარმოთქვა: „…დაიდება მაგალითი, ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებმა, ერმა და ბერმა, სახელმწიფომ, ბიზნესმა და ეკლესიამ როგორც უნდა ვფიქრობთ, ვიშრომოთ და ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც ყველასთვის იქნება საამაყო და ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იქნება ამ სასტუმროს ამ ადგილზე მშენებლობა“.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ასაშენებლად კომპანია „ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა. სასტუმრო 32-ნომრიანი უნდა ყოფილიყო, წელიწადში 8-10 ათას ვიზიტორზე გათვლილი.
ეს იდეა თავიდანვე არ მოეწონათ ხელოვნებათმცოდნეებს, ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ალავერდის გარშემო ლანდშაფტი დაირღვეს.
კულტურის სამინისტრომ არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს. რადიო თავისუფლება ასევე ვერ დაუკავშირდა მიტროპოლიტ დავითს და „ბადაგონის“ დამფუძნებელს გიორგი სალაყაიას.
კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმა არ გამორიცხავს, რომ ამ დარღვევებთან დაკავშირებით სამართალწარმოება დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ