აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე გაზრდილი ჯარიმები ძალაში 14 დეკემბრიდან შევა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, გაზრდილი ჯარიმები ძალაში მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან შევა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ჯარიმის აქამდე დადგენილი ოდენობები დარღვევის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.
ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1 500 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 5 000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 10 000 ლარის ოდენობით.
„დღემდე დადგენილი სანქციები არ შეესაბამებოდა დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება, შესაბამისად, ჯარიმის დადგენილი ოდენობები ვერ უზრუნველყოფდა დარღვევის პრევენციას და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ კანონპროექტი მოვამზადეთ, პარლამენტს წარვუდგინეთ და უკვე მიღებულია კანონი, რომელიც 14 დეკემბრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო