საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა წარმოშობით ქართველი რუსი მწერალი ბორის აკუნინი.
“რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიამ მომმართა “უცხოეთის აგენტების კანონზე” კომენტარის თხოვნით.
როგორც წესი, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მაქვს კომპლექსი, რომ “ნამდვილი ქართველი არ ვარ” – ენაც კი არ ვიცი. მეორე, რუსი მწერალი ვარ და ნებისმიერი ჩვენებურის ჩარევა სხვის საქმეში აღიქმება, როგორც “იმპერიალიზმის გამოვლინება”.
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე დავიბადე საქართველოში, ჩემი გვარი “შვილით” ბოლოვდება და მე შალვას ძე ვარ, იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. და შეშფოთებული ვარ იმის ნახვით, როგორ მიცოცავს დემოკრატიული ქვეყანა იმავე დაღმართზე, რომლიდანაც უფსკრულში გადავარდა რუსეთი.
ჩვენ უნდა გვეშინოდეს, არა პოლიტიკური ოპოზიციის და ბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და სწორედ ეს ხდება ახლა. პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში, თქვენივე მთავრობის ინიციატივით. ამ შემოპარულს ვეღარ გაასახლებთ. ის გამოჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე. ვიცით, გაგვივლია. ჯერ “უცხოეთის აგენტები”, მერე “მეხუთე კოლონა”, შემდეგ “ტერორისტები და ექსტრემისტები” და მერე, საქართველოს პუტინის რუსეთის გარდა სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.
ქართველებო, არ მისცეთ უფლება ასე მოგეპყრონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას”. – წერს აკუნინი სოციალურ ქსელში.
ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი) რუსი მწერალია, რომელიც რუსეთმა ჯერ “ექსტრემისტებისა და ტერორისტების”, ხოლო მოგვიანებით “უცხოეთის გავლენის აგენტების” სიაში შეიყვანა, ამჟამად მწერალი რუსეთში ძებნილად არის გამოცხადებული. აკუნინის ნაწარმოებები აღარ იბეჭდება, ბიბლიოთეკებიდან და წიგნების მაღაზიებიდან ხდება მისი წიგნების ამოღება, ხოლო თეატრებიდან მოიხსნა მწერლის პიესები.