ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ კლინიკებისთვის აკრედიტაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რასაც ყველა კლინიკისთვის განურჩევლად იმისა, ჩართულია თუ არა ეს დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სანებართვო პირობების გამკაცრება უნდა მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორში მაღალი ხარისხის მომსახურების მიღწევა გაჭირდება. ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” სტაციონარული დაწესებულებებისთვის სავალდებულო აკრედიტაციის გადავადებული დროის ამოწურვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სტაციონარული დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ვადა 3 დღეში იწურება. შესაბამისი ვალდებულების გადავადების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ 2024 წლის ბოლოს მიიღო. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე, რომელსაც ყველა ის კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.
საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს, რომელსაც ყველა იმ კლინიკისთვისაა სავალდებულო, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.
“უნდა გამკაცრდეს კლინიკების სანებართვო სტანდარტები, ანუ მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეებისთვის, არამედ ზოგადად რა უნდა ბაზარზე დაწესებულებას, რომელსაც არ შეუძლია უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტები დაიცვას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე. სახელმწიფოს მოვალეობაა, უზრუნველყოს ნებისმიერ დაწესებულებაში ადამიანებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელიც საფრთხეს არ უქმნის მათ ჯანმრთელობას და პირიქით, ხელს უწყობს მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ის ვინც ვერ ახერხებს ამ სტანდარტების მიწოდებას და მომსახურებას საერთოდ არ უნდა არსებობდეს და მათ საქმიანობის ნებართვა არ უნდა ჰქონდეთ. მხოლოდ აკრედიტაცია არ უნდა იყოს გამცხრილავი ფაქტორი, არამედ ნებართვების პირობებიც უნდა გამკაცრდეს, რომ ორგანიზაციას, რომელიც ვერ გადის საერთაშორისო აკრედიტაციას მას არ უნდა ჰქონდეს მომსახურების მიწოდების უფლება პაციენტებისთვის”, – ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე.
ცნობისთვის, კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლიდან საუბრობს. პირველ ეტაპზე სტანდარტებზე მორგების ვადად 2025 წელი განისაზღვრა. 2024 წლის 31 დეკემბრის მთავრობის დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის ვადები გახანგრძლივდა. ამბულატორიებს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვთ, სტაციონარულმა დაწესებულებებმა კი შესაბამისი სერტიფიკატები სამინისტროს 1 მაისამდე უნდა წარუდგინონ.
