“ქართული ოცნების” მთავრობამ აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა დაამტკიცა.
17 მარტის დადგენილება აწესრიგებს საქმიანობას აკვაკულტურისათვის გამოყოფილ როგორც თევზის, ისე მოლუსკის ზონებისთვის.
როგორც დადგენილების დანართში წერია, საქართველო მოწოდებულია განავითაროს მდგრადი საზღვაო აკვაკულტურის ინდუსტრია და ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს შავ ზღვაში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების ფუნქციონირებას.
გეგმის მიზანია გარემოზე ზემოქმედების რისკების იდენტიფიცირება, მართვა და შერბილება, რომელიც დაკავშირებულია აკვაკულტურასთან.
“აკვაკულტურა, განსაკუთრებით ორსაგდულიანი მოლუსკების აკვაკულტურა, გამოირჩევა საზღვაო წყლებზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ზემოქმედებით. იგი ქმნის გრძელვადიან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ადგილობრივი და რეგიონული თემებისთვის. იმისათვის, რომ საზღვაო აკვაკულტურა იყოს მდგრადი და გაფართოვდეს საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნების პირობებში, საჭიროა აკვაკულტურის საქმიანობა წარიმართოს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მიდგომებით. წარმოდგენილი მართვის გეგმა უზრუნველყოფს მექანიზმს ამ მიზნების მისაღწევად”,- წერია დოკუმენტში.
