აკაკი ბაქრაძის მიმართვა ქართველ ხალხს

პუბლიცისტმა აკაკი ბაქრაძემ ქართველ ხალხს ჯერ კიდევ 1980 წელს მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვაანი მიმართვა მოუმზადა., აკაკი ბაქრაძის შვილი:“აკაკი ბაქრაძემ ეს მიმართვა 1980 წელს მოამზადა სხვადასხვა ინსტაციებში დასაგზავნად (თან ერთვოდა პატარა ფურცელი, სადაც ეწერა – ყველა რაიკომს, ყველა შემოქმედებით კავშირს, ყველა უმაღლეს სასწავლებელს, სტუდენტობას, ტელევიზიას, გაზეთებისა და ჟურნალების რედაქციას), ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო „ახალგაზრდა საქართველოს“ სახელით.
ცხადია, არავინ იყო ისე გულუბყრვილო, რომ კომუნისტები რეფერენდუმს ჩაატარებდნენ, მაგრამ ხალხში ამბავი გავრცელდებოდა, სალაპარაკო თემა იქნებოდა და ტრაქტატის ზარზეიმს ცოტათი მაინც მიადგებოდა ჩრდილი. სამწუხაროდ, მიმართვა-მოწოდება არ დაგზავნილა.სხვათაშორის, სულ რაღაც 7 წელი რჩება გეორგიევსკის ტრაქტატის 250 წლისთავამდე. 2033 არც ისე შორსაა.ქართველ ხალხსქართველი კომუნისტები აპირებენ, ემზადებიან 1983 წელს იდღესასწაულონ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი.უცნაური ამბავია. ყოველმა წერა-კითხვის მცოდნე ქართველმა იცის, რომ 1783 წელს, გეორგიევსკში დადებული ტრაქტატი არ ითვალისწინებდა აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთებას. ეს იყო მფარველობითი ტრაქტატი, საქართველო უნდა დაეცვა გარეშე მტრისაგან. კი მოიქცა პირიქით. გააუქმა ეს ტრაქტატი და მოაწყო ჯერ აღმოსავლეთ და მერე დასავლეთ საქართველოს ანექსია. პავლე პირველის მანიფესტი, რომლის ძალით, აღმოსავლეთ საქართველო შეუერთდა რუსეთს, სრულიად აუქმებს 1783 წლის ტრაქტატს. რუსეთმა ურცხვად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა. ეს ფაქტი კარგად არის გაშუქებული როგორც ქართულ, ისე რუსულ ისტორიოგრაფიაში.რუსეთმა რომ ფეხქვეშ გათელა 1783 წლის ხელშეკრულება, ამას კარგად მიხვდა იმერეთის მეფე სოლომონ მეორე და იგი ათი წელიწადი იბრძოდა გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებულ უფლებათა აღსადგენად. იმასვე ითხოვდა თავის წერილებში დავით ბატონიშვილი და 1832 წლის შეთქმულების ზოგიერთი მონაწილე. მთელი მე-19 საუკუნე ქართველი მოღვაწეების ბრძოლაც გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული უფლებების დასაბრუნებლად მიმდინარეობდა. არაფერი გამოვიდა. რუსეთმა მტკიცედ თქვა უარი ამ ტრაქტატზე და საქართველოს ავტონომიური უფლების შესახებ რაიმეს გაგონება არც უნდოდა. ეს ამბავი ყველასათვის ცნობილია. იგი აღწერილია ქართველი ისტორიკოსების მიერ. ასე გაგრძელდა 1918 წლის 26 მაისამდე, როცა, შექმნილი პირობების შესაბამისად, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს დამოუკიდებლობა ცნო საბჭოთა რუსეთის მთავრობამ, ლენინის მეთაურობით. 1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას იურიდიულად ადასტურებდა.„გამოდის რა რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ყველა ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის უფლების აღიარებიდან სრულ გამოყოფის უფლებამდე იმ სახელმწიფოებიდან, რომლის შემადგენლობაში ეს ერები შედიან, ყოველ პირობების გარეშე სცნობს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, და თავის ნებით იღებს ხელს ყოველგვარ სუვერენულ უფლებაზე, რომელიც ეკუთვნის რუსეთს საქართველოს ხალხისა და ქვეყნის მიმართ“.
მაგრამ ეს ხელშეკრულებაც დაარღვია საბჭოთა რუსეთმა და 1921 წლის თებერვალში მეორედ დაიპყრო საქართველო.დღეს საქართველოს სსრ კონსტიტუცია საქართველოს სუვერენიტეტზე ლაპარაკობს, მაგრამ ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ნიშანწყალიც არ გააჩნია.საქართველოს სახელმწიფო ჰქვია და ეროვნული არმია არ ჰყავს. არმია, რომელიც დაიცავს ქართველი ხალხის ღირსებას და თავისუფლებას! ახლა ქართველი ჯარისკაცები სადღაც ვიეტნამსა და ეთიოპიაში უნდა დაიხოცნონ, რადგან რუსეთს მსოფლიოს დაპყრობის ამბიცია აქვს და ეს უნდა ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ლიტველების, ესტონელების, უზბეკების, ტაჯიკების და სხვათა სისხლით მოიპოვოს. ვიცით ეს და ამაზე გული არ გვტკივა, არ ვწუხვართ.საქართველოს სახელმწიფო ჰქვია და საგარეო საქმეთა სამინისტრო არა აქვს. ის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს რომ გვაქვს, ერის აბუჩად აგდებაა. ვლაპარაკობ საგარეო საქმეთა სამინისტროზე, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისათვის იბრძოლებს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკებს, საქმეებს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ წარმართავს. უნდა გვქონდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უცხოეთში ელჩები ეყოლება და სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში საქართველოს დროშაც იფრიალებს.საქართველოს სახელმწიფო ჰქვია და იგი არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველებს არავინ თვლის ხალხად, ერად. საქართველოს არ შეუძლია კაცობრიობის ცხოვრებას თავისი ხმაც შეუერთოს და თავადაც მონაწილეობდეს კაცობრიობის ჭირსა და ლხინში. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მართლმსაჯულება ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას სასჯელად თვლის. ჩვენ, მთელ ერს ჩამორთმეული გვაქვს ეს უფლება და მთელი ერი დასჯილია. რატომ?საქართველოს სახელმწიფო ჰქვია და არა აქვს ეროვნული ბანკი, ეროვნული ვალუტა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჰგავს უსახლკარო ბოგანოს, რომელსაც სამადლოდ ინახავენ და სუფრაზე მორჩენილ ნამცეცებს უყრიან. რატომ უნდა იყოს საქართველო რუსეთის ნასუფრალის შემყურე?საქართველოს ეკონომიკა არ იმართება ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიის, მისი ბუნებრივი მონაცემების, ჩვენი ხალხის მოთხოვნილებების, ხასიათის, ზნე-ჩვეულებებისა და ისტორიული ტრადიციის გათვალისწინებით. იგი იმართება იმის შესაბამისად, რუსებს რა სჭირდებათ.როცა არ გყავს ეროვნული არმია, არ გაქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არ ხარ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი, არ გაქვს ეროვნული ბანკი და ეროვნული ვალუტა, ეკონომიკა სხვის ნება-სურვილს ემორჩილება და ამას არ განიცდი, არ სწუხარ, არ გინდა მისი შეცვლა და ამისათვის არ იბრძვი, ამას ჰქვია ეროვნული შეგნების უქონლობა.ეს ეროვნული შეგნება თუ გაიღვიძებს, ქართველ ხალხს ყველა იურიდიული უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებლობა:1. 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატი არ ითვალისწინებდა საქართველოს რუსეთთან შეერთებას. პირიქით, რუსეთი ვალდებულებას კისრულობდა დაეცვა საქართველო, თუ მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ვინმე (ძირითადად იგულისხმებოდა სპარსეთი და თურქეთი) დაემუქრებოდა.2. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეროვნულ თავისუფლებას.3. სსრკ-ის კონსტიტუციის 72-ე მუხლი ყველა მოკავშირე რესპუბლიკას უტოვებს სსრკ-დან თავისუფალი გასვლის უფლებას.და თუ სიცრუე და თვალთმაქცობა არ იყო 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის სიტყვები – „განღვიძებული იმედი თქვენი არ იქნების მოტყუებული ამ გზის. არა აღორძინებისათვის ძალთა, არა ნივთათათვის, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთა უკვე ვრცელსა ქვეყანასა ზედა იმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მართებლობასა, მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთო ვალსა“.და თუ სიცრუე და თვალთმაქცობა არ იყო, ლენინის ინიციატივით, 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების სიტყვები – რუსეთი „თავისი ნებით იღებს ხელს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთს საქართველოს ხალხისა და ქვეყნის მიმართ“.
და თუ სიცრუე და თვალთმაქცობა არ არის სსრკ-ის კონსტიტუციის 72-ე მუხლი, მაშინ მიეცეს საქართველოს დამოუკიდებლობა ისე, როგორც ამას გაერთიანებული ერების გადაწყვეტილება ითვალისწინებს დეკოლონიზაციის შესახებ.წაიკითხოს ქართველმა ხალხმა ეს მიმართვა და ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმის ჩატარებაც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებაა. იხ. მუხლი 5. იგი უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების მიერ საგანგებოდ გამოყოფილი კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ. მართალია, თვალთმაქცები და დემაგონები დაიწყებენ ყვირილს – ეს სსრკ-ის საშინაო საქმეებში ჩარევააო, მაგრამ ეს ქართველი ხალხის მოთხოვნა უნდა იყოს და ეს ელემენტარული უფლება მას უნდა მიეცეს მისი გრძელი, ტანჯული ისტორიის პატივსაცემად. რეფერენდუმმა პასუხი გასცეს ერთ კითხვას _ უჭერს თუ არა მხარს ქართველი ხალხი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.თუ ქართველი ხალხი არ დაუჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, დე, იყოს ნება მისი. ნათქვამია, ხმა ღვთისა და ხმა ერისაო. გასაგები გახდება, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ ინტელიგენტთა ერთ ვიწრო ჯგუფს აინტერესებდა და, ცხადია, ერის ნების წინაშე მათი დაინტერესება ყურადღებამისაქცევი არ იქნება.
თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მაშინ აღსრულდეს ნება მისი და ქართველ ერს მიეცეს ის უფლება, რისი უფლებაც ყოველ ერს აქვს მსოფლიოში. აქაც ხმა ღვთისა და ხმა ერისა.
თუ ეს მოხდება, ეს იქნება ჭეშმარიტი დღესასწაული, რომელიც დაამშვენებს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავს და საქმით დაანახვებს ყველას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნამდვილ არსს.სხვანაირად კი გაუგებარია უკვე მკვდარი და ორი საუკუნის წინათ გაუქმებული ტრაქტატის 200 წლისთავი როგორ ან რატომ უნდა იდღესასწაულონ. ჯერ არ შობილა ქვეყნად ერი, რომელსაც ეროვნული მონობის დამკვიდრება ეზეიმოს. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ქართველი ხალხი მოაწყობს ამ სამარცხვინო დღესასწაულს, მისი ნაცადი ხელმძღვანელის კომუნისტური პარტიის მეთაურობით.კარგად იფიქრე, საით მიდიხარ, ხალხო ქართველო!”