სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემები ფორმალურად მსგავს გზას გადიოდა, თუმცა პოლიტიკური ფაქტორების გამო მათი განვითარება განსხვავებული შედეგებით გრძელდება. განათლების ექსპერტი ლიკა ღლონტი გვესაუბრება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების მოდელებზე, საერთაშორისო აკადემიურ ინტეგრაციაზე, აკადემიურ თავისუფლებასა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
როგორ შეაფასებდით სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემების განვითარების მოდელებს და რა პოლიტიკური ფაქტორები განსაზღვრავს ამ განსხვავებებს?
ფორმალურად სამივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემები მსგავსად ვითარდებოდა – გაჩნდა კერძო უნივერსიტეტები (თუმცა აზერბაიჯანში კერძო სასწავლებლები ბევრად ნაკლებია და ცალსახად ჭარბობს სახელმწიფო სექტორი), არსებობდა განათლების დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები და ა.შ. – იგივე სურათი, რაც თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი (ისევე როგორც მოლდოვა და უკრაინა) ერთდროულად შეუერთდნენ ბოლონიის პროცესს 2005 წელს, თუმცა თავიდანვე განსხვავებულად მიუდგნენ ბოლონიის მოთხოვნების განხორციელებას. სწორედ აქ იჩინა თავი პოლიტიკურმა ფაქტორებმა: საქართველო, როგორც მაშინ ყველაზე მეტად პროევროპული ქვეყანა, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტიანად ახორციელებდა რეფორმებს, მაშინ როდესაც აზერბაიჯანი ბოლონიის მხოლოდ რამდენიმე პრინციპს იზიარებს და დიდად არ ცდილობს სრულ ინტეგრაციას უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში.
არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული ფაქტორებიც, რომლებიც კარგად ასახავს პოლიტიკური გავლენის ხარისხს: მაგალითად, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორებს პრეზიდენტი ნიშნავს, მაშინ როცა საქართველოში და სომხეთში ეს არჩევითი თანამდებობაა.
რომელი ქვეყანა არის ყველაზე მეტად ინტეგრირებული საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და რა პრაქტიკული შედეგი მოაქვს ამას სტუდენტებისა და უნივერსიტეტებისთვის?
აზერბაიჯანი ცალსახად ყველაზე ნაკლებად არის ინტეგრირებული. საერთაშორისო პროექტები აკრძალული არ არის, თუმცა არც წახალისებულია. ამასთან, უცხოური დაფინანსების მიღება უნივერსიტეტებისთვის ძლიერ გართულებულია, რაც ზღუდავს მათ მონაწილეობას, მაგალითად, Erasmus+ პროექტებში – აზერბაიჯანული უნივერსიტეტები პროექტების კოორდინატორები არ არიან. ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ინტეგრაციის პროცესზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანი არ არის Horizon Europe-ის ასოცირებული ქვეყანა, განსხვავებით საქართველოსა და სომხეთისგან.
საქართველო და სომხეთი ინტეგრაციის ხარისხით პრინციპში თანაბარია, თუმცა არსებობს ნიუანსები: Erasmus+ პროექტების რაოდენობის, საერთაშორისო სტუდენტური მობილობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით საქართველო რეგიონში აშკარა ლიდერია, მაშინ როდესაც სომხეთს მეტი კვლევითი პროექტი აქვს Horizon Europe-ის ფარგლებში.
სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს უკეთეს შესაძლებლობებს ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად, ხოლო განსაკუთრებით დოქტორანტებისთვის, მკვეთრად იზრდება საზღვარგარეთ კვლევის ჩატარების შანსი. საბოლოოდ, იზრდება განათლებისა და კვლევების ხარისხი და ქვეყნების კონკურენტუნარიანობა. ეს იმ პირობებში, როდესაც სამივე ქვეყანაში მეცნიერებაზე დაახლოებით ერთნაირად მცირე თანხა იხარჯება Gross Domestic Expenditure on R&D-ზე – მთლიანი შიდა დანახარჯი (GERD) მერყეობს 0.18–0.25 პროცენტის ფარგლებში. სამეცნიერო პროდუქტიულობის თვალსაზრისით კი, საქართველო და სომხეთი ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებენ.
თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოში დაანონსებულ უმაღლესი განათლების რეფორმას, რამდენად იყო უზრუნველყოფილი აკადემიური თავისუფლება სამივე ქვეყანაში და რას უნდა ველოდეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში?
აქამდე აკადემიური თავისუფლების პრობლემა საქართველოში არ ყოფილა – ანუ არავინ ერეოდა იმაში, თუ რას და როგორ ასწავლიდა პროფესორი. მკვეთრად გაუარესდა სიტუაცია ბოლო წლებში, როდესაც მაგალითად, ამოიღეს ხმარებიდან სიტყვა „გენდერი“ და შესაბამისად, ეს შეეხო გენდერის კვლევებს; მიიღეს კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ და ეს აისახება მაგალითად, კლასიკური ტექსტების სწავლებაზე (მაგ. ბერძნული მითოლოგია გაჯერებულია ინცესტით).
სომხეთში მსგავსი პრობლემების შესახებ არ მსმენია. აზერბაიჯანში კი იმთავითვე იყო პირდაპირი ცენზურა, განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებში – მაგალითად, ისტორიის და პოლიტოლოგიის სფეროებში, რაც სპეციფიკურად ყარაბაღის თემას ეხებოდა. იგივე სურათს მივიღებთ საქართველოში, სადაც მკაფიოდ იკვეთება ისტორიის ცენზურირების და თავიდან დაწერის მცდელობა.
არსებობს თუ არა რეალური პოტენციალი რეგიონული თანამშრომლობისთვის უმაღლესი განათლების სფეროში და რა ბარიერები უშლის ხელს?
რეგიონული თანამშრომლობა დღემდე, ძირითადად, გარე დონორების – ევროკავშირისა და აშშ-ის წახალისებით ხორციელდებოდა. ადგილობრივი ინიციატივები პრაქტიკულად არ არსებობდა. იყო რამდენიმე საერთაშორისო დაფინანსებული პროექტი, მაგალითად, ISET, რომელიც ეკონომიკური განათლების რეგიონულ ჰაბად უნდა ქცეულიყო, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ევროპაში სწავლას ამჯობინებენ.
სამეცნიერო კვლევების სფეროში არსებობს რამდენიმე წარმატებული პროექტი, ძირითადად ქართულ-სომხური თანამშრომლობის ფარგლებში და უმეტესად საბუნებისმეტყველო მიმართულებით. აზერბაიჯანთან სამეცნიერო თანამშრომლობა ძალიან შეზღუდულია.
აქვე აფხაზეთზეც მინდა გკითხოთ, რაზეც ადრეც გვისაუბრია, როდესაც აფხაზი სტუდენტები ევროპული განათლების გარეშე რჩებოდნენ და პირადად თქვენც ამაში ქართული სახელმწიფოს როლს ხედავდით. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ თუ იცით, და როგორ ეხმარება ან ხელს უშლის დღეს ამ პროცესს თბილისი?
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დონორები ამ მიმართულებიდან გავიდნენ, აფხაზეთთან მიმართებით სიახლეები პრაქტიკულად აღარ არსებობს. ადრე იყო ცალკეული წარმატებული შემთხვევები, მათ შორის აფხაზი სტუდენტების ევროპაში სწავლის შესაძლებლობა საქართველოს კვოტით, თუმცა ეს პროგრამებიც შეწყდა დონორების გასვლის შემდეგ.
ამასთანავე, თავად აფხაზეთში კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა და ბევრს ეშინია ჩვენთან კომუნიკაცია. ეს ბოლო წლებში განსაკუთრებით საგრძნობი გახდა.




