აი ფაქტი: სურვილის შემთხვევაში, არჩევნებზე პასპორტის წამკითხველ აპარატებს ჩვენც მოგვაწვდიდნენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტმა გამოიკვლია, შეეძლო თუ არა ს ისეთი აპარატის ყიდვა, რომელიც ID ბარათთან ერთად, პასპორტსაც თავისუფლად წაიკითხავდა.
როგორც აი ფაქტი აღნიშნავს, ეს შეზღუდვა არაა კომპანია Smartmatic International-ის ჩანაფიქრი, რომელმაც ჩვენ აპარატები მოგვაწოდა. აპარატის ფუნქციური მახასიათებლები ცესკომ ერთპიროვნულად გადაწყვიტა. სურვილის შემთხვევაში, კომპანია ჩვენც მოგვაწვდიდა პასპორტის “წამკითხველ” აპარატებს, ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, ალბანეთს და სომხეთს მიაწოდა.
ცესკოს ინფორმაციით, ვერიფიკაციის აპარატი მხოლოდ ID ბარათს კითხულობდა და ს დღეს, 26 ოქტომბერს პასპორტით მისვლისას, რეგისტრატორი მონაცემებს ხელით კრეფდა. რეგისტრატორები ვერიფიკაციის აპარატის მარცხენა ვერტიკალურ ჭრილში ათავსებდნენ მხოლოდ ID ბარათს. ამ ჭრილში განთავსებულია ე.წ. MRZ წამკითხველი, ანუ Machine Readable Zone. ეს ერთგვარი სკანერია, რომელიც ლაზერული სხივით აფიქსირებს და ამოიცნობს პერსონალურ მონაცემებს, კონკრეტულად კი MRZ კოდს. ეს 2-3- ხაზიანი უნიკალური კოდი ყველა ადამიანის პირადობის ბარათისა და პასპორტის ქვედა მხარესაა და შეიცავს სიმბოლოებს, ასოებს, ციფრებს.
აი ფაქტი წერს, რომ ცესკომ Smartmatic International-ისგან შეიძინა VIU desktop 800 სერიის ვერიფიკაციის აპარატი, კონკრეტულად კი ამ სერიის ახალი მოდელი – VIU desktop 818-100. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ ცესკო თავიდან ისეთი აპარატების შესყიდვასაც მოიაზრებდა, რომელსაც პასპორტის “წაკითხვა” არ გაუჭირდებოდა.
ამ მოდელის აპარატს პასპორტის “წაკითხვის” შესაძლებლობა რომ ჰქონდა, ეს 13 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაადასტურა თავად ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა და Smartmatic-ის შესყიდვაში ტექნიკურ-საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა, გიორგი სანტურიანმა.
როგორც სპეციალისტები აი ფაქტთან ამბობენ, ცესკოს პასპორტის ამოცნობის შეზღუდვა შეეძლო, თუ MRZ სკანერს მხოლოდ პირადი ნომრის “წაკითხვას” დაავალებდა.
“სმარტმატიკისგან” შეძენილი ვერიფიკაციის აპარატებით ტექნოლოგიური არჩევნები 2021-2023 წელს ჩატარდა ალბანეთში, იქამდე, 2017 წელს კი ჩვენს მეზობელ სომხეთში. ორივე მათგანმა გამოიყენა იმავე, VIU-800 სერიის აპარატები, კონკრეტულად კი შემდეგი მოდელები: VIU-desktop 818 და VIU-815. ორივე მოდელი კითხულობდა ID-ის, პასპორტს და ამომრჩევლის თითის ანაბეჭდს.